გამოვრთოთ რადიო?

ბლოგი

ოცდაორი წლის სტუდენტის საინფორმაციო წყარო ძირითადად სოციალური მედიაა. დღის განმავლობაში ერთმანეთს მიჰყვება ახალი ამბების ნაკადი და ჩვენც მეტწილად „საქმის კურსში ყოფნის“ სურვილი გვიბიძგებს, ჩავიხლართოთ ამ ინფორმაციულ ჯაჭვში.

დილის ყავასთან გაზეთის ფურცვლა არასდროს მიცდია. ცნობისმოყვარეობის მინიმუმს რამდენიმე ინტერნეტგვერდიც მიკმაყოფილებს, საიდანაც მეტ-ნალებად ვიგებ თუ „რა ხდება დღეს?!“. ეს ერთგვარი მექანიკური პროცესია: მაუსი წკაპუნებს, ყავა იცლება და ახალი ამბები ბზრიალასავით მოძრაობენ ჩემ გარშემო. ვგრძნობ, რომ ავტომატურად  მოვლენების მონაწილე ვხდები და სოციალური მოთამაშის როლსაც ვირგებ. ეს არის ორმხრივი კომუნიკაციური პროცესი. ინფორმაციას ვიღებთ, ვამუშავებთ და შესაბამისად ვრეაგირებთ.

ეს კომუნიკაცია ბუნებრივად არათანაბარია; პრივილეგია აქვს მას, ვინც ინფორმაციას გაწვდის. შუძლია შეგიქმნას განწყობა, შეგიცვალოს გემოვნება, დაგანახოს ფაქტი ისე, როგორც უნდა… შესაძლებლობების ჩამონათვალის ზრდასთან ერთად იზრდება პასუხისმგებლობაც;
და მედია-საშუალებების ამ პასუხისმგებლობაზე ხშირად ლაპარაკობენ ჩვენ გარშემო.

1488417_701785296508023_2080574181_n

სად უნდა დაეკისროს მედიას პასუხისმგებლობა? ისინი ჩვენ ტექტსებით გველაპარაკებიან და როდესაც სიძულვილითა და აგრესიითაა სავსე ეს ტექსტები, მახსენდება „სასტუმრო რუანდა“ (Hotel Rowanda)  –  ფილმი 1994 წელს რუანდაში მომხდარ გენოციდზე. დაპირისპირება ჰუტუსა და ტუტცის ტომებს შორის მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში გადაიაზარდა. ერთადერთი საინფორმაციო საშუალება – რადიო – სიძულვილის ენით აძლიერებდა ერთი ტომის აგრესიას მეორესადმი.
„თქვენ უსმენთ ჰუტუს რადიოსადგურს. აჯანყებულ ტუტსის არ ენდოთ. მკვლელებთან არ ისაუბროთ, მოგატყუებენ!“- რადიომ გაავრცელა შიში. ეს იყო სიძულვილის პროპაგანდა.

„სიძულვილის ენა“ გარკვეულწილად თავდასხმაა ადამიანზე, რომელიც შენგან რაიმე ნიშნით განსხვავდება. ძალადობა შეგვიძლია ყველას. მედია გველაპარაკება სიძულვილის ენით, ძალადობს ჩვენზე და გვითმობს ტრიბუნას, ჩვენც ვიძალადოთ ერთმანეთზე. ვეხვევით და ვიძირებით აგრესიაში…

„წყეული რადიო! გამორთეთ!“- ასე შეეცადნენ რუანდაში სიძულვილის ენასთან „ბრძოლას“. მაგრამ დღევანდელ რეალობაში, რაც არ უნდა გვინდოდეს, ალბათ, „რადიოს გამორთვა“ გამოსავალი არ იქნება. მედია-საშუალებებს რომ თავი დავანებოთ, ყოველდღიურ ურთიერთობებში ხშირად გვესმის „ზანგი“, „თათარი“, „სექტანტი“…  ამ სიტყვებით ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს იზოლირებულ, ჩაკეტილ სივრცეში ვავქცევთ. რატომ?!  სიძულვილის ენას არგუმენტები არ აქვს. ეს სტერეოტიპების, ცრურწმენების ბუდეა; აჟიტირებული ბრბოსთვის კი – „საკადრისი პასუხის მიგების“ იარაღი.

შეგვიძლია თუ არა, ან როგორ უნდა ვებრძოლით სიძულვილის ენას? იძულებით თუ დარწმუნების გზით? გვეტყვიან, „თქვენ ჩვენი გამოხატვის საშუალებას ზღუდავთ!“, დაგვადანაშაულებენ, რომ სიტყვის თავისუფლებას ვართმევთ… და ვერც გავამტყუვნებთ. ძნელია, ხელი გაიშვირო ვინმესკენ და თქვა, რომ ის „მცდარ“ აზრს ავრცელებს, ან ვინმეს აზრი მაგალითად დაიმოწმო.  „სწორ“ და „მცდარ“ აზრებს შორის ზღვარის გავლება ჩვენს შესაძლებლობებს სცდება.

საუბრობენ ე.წ. იდეათა ბაზარზე. ეს არის სივრცე, სადაც იდეები თავისუფლად მოძრაობენ, ეთანხმებიან ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. ჩვენ მათ ვიზიარებთ ან უარვჰყოფთ. იდეა თავის თავად საფრთხეს არ წარმოადგენს მანამდე, სანამ არ რეალიზდება.

ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ ჩვენი იდეებისთვის, მაგრამ პასუხს ვაგებთ ჩვენი ქმედებებისთვის. ამიტომ ჯერი ყველაზეა. ვიგრძნოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა!

მაგდა გუგავა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები