გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა

ბლოგი

ბრიტანული საკულტო როკ-ჯგუფის, „ჯეთრო ტალის“ ცნობილი გამონათქვამი – „ძალიან ხნიერი როკ-ენ-როლისთვის, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა სიკვდილისთვის“ -მოხერხებულად მოირგო ამერიკელმა მწერალმა კენ კიზიმ, როცა საკუთარი თავი დაახასიათა, როგორც „ძალიან ახალგაზრდა ბიტნიკობისთვის, მაგრამ ძალიან ხნიერი ჰიპობისთვის“.

მწერალმა ცხოვრების სტილითა და შემოქმედებითი საქმიანობით მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა იმ პერიოდის ამერიკულ კონტრკულტურაზე. 1957 წელს ორეგონის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მწერალი ამერიკის არმიაში მსახურობს. რადიკალურად ეცვლება მსოფლაღქმა და იწყებს წერას. კენ კიზი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობდა და ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაზე ჰალუცინოგენების ზემოქმედების შემსწავლელ ექსპერიმენტებში მოხალისედ მონაწილეობდა. სწორედ ამ პერიოდის შთაბეჭდილება გახდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი რომანის  – „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ –  შექმნის მიზეზი.

ნაწარმოების წერისას კენ კიზი საკუთარ თავზე ატარებდა ექსპერიმენტებს, ალკოჰოლსა და ფსიქოტროპულ საშუალებებს იღებდა პერიოდულად. ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი აცხადებს: „გუგულის პირველი გვერდების წერისას პეიოტს ვსვამდი, თუმცა ჩემი სულიერი მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. რომანის სხვა ნაწილების წერისას კი ჰალუცინოგენურ სოკოებს ვეტანებოდი. ნარკოტიკებმა ზეგავლენა მოახდინა  უფრო განწყობილებასა და სტილზე, ვიდრე მსოფლშეგრძნებაზე. ამჟამად ლსდ-ს და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს წერისას უმეტესწილად არ ვიყენებ“.

ნაწარმოებში ფსიქიატრიული საავადმყოფო ტოტალიტარული რეჟიმის სტრუქტურას ასახავს. შეშლილად შერაცხული ადამიანები, რომლებმაც თანამედროვეობას ვერ აუწყვეს ფეხი. სისასტიკე, გამუდმებული თვალთვალი, საყოველთაო კონტროლის ეპიდემიაა გავრცელებული მთელს ქვეყანაზე. საავადმყოფოში „კასტებად“ დაყოფილი ადამიანები: მწვავეები, ქრონიკულები, ბისტნეულები – ერთი შეხედვით, შეშლილები ჩანან, მაგრამ ისინი სწორედ ამ მოძალადე რეჟიმის მსხვერპლნი არიან. მათი ნააზრევი, საქციელი, ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანებზე მეტად სამართლიანი და პროგრესულია. ყოფითი ნორმებიდან გადახვევის, უჩვეულო საქციელისა და საყოველთაოდ მიღებული ღირებულებების უარყოფის გამო ასამართლებენ ამ ადამიანებს. უმოწყალოა მათ მიმართ გამოყენებული მკურნალობის მეთოდები: თერაპია – სადაც ადამიანის სულს დაუკითხავად აშიშვლებენ, ამასხარავებენ, ელექტროშოკური თერაპია ე.წ „ეშთ“, სადაც პაციენტებს დენით მკურნალობენ, თუმცა რენდლ მაკმერფის ვინ რას დააკლებდა, ამგვარი მკურნალობის შემდეგაც ხუმრობის განწყობას ინარჩუნებდა: „აქედან რომ გავალ, პირველივე ქალი, ვინც თავწითელა მაკმერფის, ათიათასვატიან ფსიქოპატს, გულში ჩაიხუტებს, სათამაშო ავტომატივით აელვარდება და ვერცხლის დოლარიანებს დაყრის უკანალიდან. არა მაგათი სიაფანდი ელექტრონიკის არ მეშინია“. ჰალუცონოგენები, ფსიქოტროპული საშუალებები, რომლებსაც განურჩევლად ყველას აყლაპებენ და ყველაზე უმოწყალო მეთოდი – ლობოტომია-ტვინის ამოჭრა, წინა ნაწილის კასტრაცია. ამ მეთოდს რეჟიმისადმი, სისტემისადმი დაუმორჩილებელი ადამიანების მიმართ იყენებდნენ, უგრძნობი ცოცხალი გვამი ხდებოდა ადამიანი, მას არ შეეძლო, ხელი შეეშალა სისტემის ექსპერიმენტებისთვის, სრულიად უმწეო და „უვნებელი“ ხდებოდა. eac6cdffb636

ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექთანი-მის რეჩედი, გამოკვეთილად სახასიათო პერსონაჟია – სისტემის მსახური, ქალი, რომელსაც არ შესტკივა გული პაციენტებზე. მან რეჟიმისთვის მისაღები ადამიანების სახე შექმნა – უწყინარი, სუსტი, უნებისყოფო კაცები, რომლებსაც თავადაც სჯერათ, რომ კურდღლები არიან, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, რომ მის რეჩედი ღვიძლი დედაა, მასავით ტკბილი და თბილი… ამ გაუგონარი ძალადობის, სიცრუის მორევშია ჩართული ყველა, მანამ, სანამ ერთი თავისუფალი სული, მეამბოხე რენდლ მაკმერფი არ გამოჩნდება „შეშლილებს“ შორის. კოლონიიდან გამოქცეული მაკმერფი სიგიჟის სიმულაციას ახდენს, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევს სტერეოტიპებს, სიჩუმეს, ებრძვის „სისტემის ურჩხულს“ – მის რეჩედს, პაციენტებს ძველებური იერის დაბრუნებაში ეხმარება… „თქვენი მთავარი ექთანი ერთი ჩვეულებრივი ცივსისხლიანი დედაბერია და ტყუილად გინდათ, რქებით დამაჯახოთ. ეგ ხეირს არავის დააყრის, მით უმეტეს, მე. აქაურობის მსგავსი ჯერ არაფერი მინახავს. ოღონდ, შენ რასაც ამბობ, იმის მეტი თუ მართლა არაფერია, თუ მართლა ეგ ბებერია ყველაფრის თავი და თავი, მაგისი სექსუალური სადარდებლები, მაშინ ერთი გადაგეყვანათ პარტერში, გეცათ პატივი და მოევლებოდა ყველაფერს, არა რო?“

1994 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი რომანის პერსონაჟებზე საუბრობს: „ბელადის შეშლილობა რეაქციაა კონტროლის წინააღმდეგ, თუმცა, ხშირად მიმართულია თავად სასიკეთო მოვლენების წინააღმდეგაც. თუ ადამიანს არ ახასიათებს ცოტაოდენი სიშლეგე, ის ვერასოდეს დაამსხვრევს კონტროლის კლიტეს, რომელიც წინ ეღობება რეალობას.“

რაც შეეხება კინო-ინდუსტრიას, 1967-1975 წლები ახალი ჰოლივუდის ან ჰოლივუდის რენესანსის სახელითაა ცნობილი. 1968 წელს გაუქმდა „ჰეისის კოდექსი“, რაც ეკრანზე მანამდე აკრძალული თემების ასახვის საშუალებას იძლეოდა. ეს ფილმები კონტრკულტურულ განწყობებს აირეკლავს. გამძაფრებულადაა წარმოჩენილი ძალადობა, სექსუალური თავისუფლება, ნარკოტიკები და მორალური ნორმებიდან „გადახვეული“, იმედგაცრუებული პერსონაჟები.

კენ კიზის ნაწარმოები შთაგონების წყარო გახდა მილოშ ფორმანისთვის; ფილმს საყოველთაო აღიარება ხვდა წილად, თუმცა შეცვლილი შინაარსი მწერლისა და რეჟისორის ხანგრძლივი კონფლიქტის მიზეზი გახდა. მწერალი აცხადებდა: „რაც შეეხება ფილმს, ის არ მინახავს. ადვოკატებთან ერთად ვედავებოდი კინოსტუდიას იმის გამო, რომ საკმარისად არ ამინაზღაურეს. მითხრეს, რომ ფილმს სწორედ მე მანახებდნენ. გეფიცებით, არასოდეს ვნახავ ფილმს-მეთქი, ვუპასუხე. ასე აღვუთქვი ჩემს ორ ადვოკატსაც და სულაც არ მინდა ფიცი დავარღვიო“. ნაწარმოებისგან განსხვავებით, ფილმში ბელად ბრომდენს მთხრობელის ფუნქცია არა აქვს. წიგნში ასახული მთავარი გმირი, ჯეკ ნიკოლსონის სახით, ფილმში სრულიად გარდაქმნილია, ის აღარაა წითური, ნაწიბურებიანი, ტატუირებული მაკმერფი… საგულისხმოა ფინალი. კენ კიზი გმირის სიცოცხლის ფასად სხვა ადამიანებს უნარჩუნებს სიცოცხლეს,„შეშლილები“ სათითაოდ ტოვებენ საავადმყოფოს, მილოშ ფორმანის ფილმში კი მხოლოდ ბელადი გარბის, ეს კი გაცილებით დამთრგუნველი და ნაკლებად ოპტიმისტურია. 2_One_Flew_Over_the_Cuckoos_Nest_American_Icons_Will_Sampson

p.s ენით აუწერელი ძალადობის მიუხედავად, ნაწარმოების ავტორი ჰუმანურობისკენ მოგვიწოდებს, გვთხოვს, რომ გვიყვარდეს ბოროტების სიმბოლო – მის რეჩედიც კი. „ვენდელ ბერი ამბობს, რომ ყველას შეგვიძლია ბოროტების ჩადენა. იმისთვის, რომ ურჩხულებად არ ვიქცეთ, არსებობენ ემერსონი, თორო, ბიტლები და ბობ დილანი – დიდი ხელოვანები, რომლებიც გვასწავლიან: გიყვარდეთ ადამიანები და ტკივილი არ მიაყენოთ მათ. უნდა გიყვარდეს მთავარი ექთანიც. ის მხოლოდ გარეშე ძალას ემორჩილება, რომელიც აიძულებს მოიქცეს ამგვარად და არა სხვაგვარად“.

იხილეთ ასევე: მკითხველთა რეიტინგი: 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ

სტატიის ფრაგმენტები ეყრდნობა საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ჟურნალ – არილის

თეკლე ქაროსანიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები