კაფე სემინარიასთან

ბლოგი

„სმა-ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია…

რასაცა შეჭამ შეგრჩება, რაც არა დაკარგულია….

 

zero

კუჭი – კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერი. კუჭმა დაატოვებინა ზეზვა და მზიას ოჯახს მშობლიური აფრიკა და დმანისს ჩამოახეტიალა. კუჭმა აიძულა ჰომოსაპიენსი მოეპოვებინა ცეცხლი, ხორცის შესაწვავად. (შედეგად შემწვარი თანამოძმე უფრო ეგემრიელა) სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სწორედ კუჭს გადაგვაყოლა ევამ მთელი კაცობრიობა?!

მოკლედ, კუჭი ყველას აქვს და ყველას აწუხებს. ზოგს მეტისმეტი სიმაძღრით, ზოგს წყლულით, აბსოლუტურ უმეტესობას კი სიცარიელით. ამიტომაა, რომ კუჭთან ბრძოლისათვის დარაზმულა ჩვენს გარშემო ათობით დაწესებულება, ასობით მზარეულითა და ათასობით კილოგრამი სასუქიან-უსასუქო, გენდმოდიფიცირებულ-არამოდიფიცირებულ, ჰიბრიდული, თუ ბიო პროდუქტით. “კუჭს ააღორებ ღორიაო, ააქორებ და ქორიაო” უთქვამთ ძველებს, ჰოდა ჩვენ, როგორც ტრადიციის დიდი მოყვარული ხალხი, აქტიურად ვასრულებთ მამა-პაპათა შეგონებებს, თუ „ჯიბემ გაგვიშვა“  ვაღორებთ, თუ ვერა ვაქორებთ.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კუჭი ყველას აქვს და ყველას აწუხებს, განსაკუთრებით კი – სტუდენტებს, რადგან გონებრივი სამუშაოთი დატვირთული ტვინი აქტიურად მოიხმარს კალორიებს.

სემ (10)

ჩვენი ბებერი “თავკომბალა” თბილისი, არც სტუდენტის ნაკლებობას უჩივის (თუ მეტისმეტობას არა…) და არც „სტუდენტთა დახმარების ცენტრებს“. „ცენტრები“ ნაირგვარია: დიდი, პატარა, ორიგინალური (სამიგინალურიც…), „შინაურული“ ატმოსფეროთი, თუ ე.წ. „სუფთა სტუდენტური“. მოკლედ არჩევანი მინიმუმ იმდენივეა რამდენიც უნივერსიტეტი.

სემ (11)

ძველი თბილისი. სემინარიის ჩრდილს სადა ექსტერიერის კაფე შეჰყუჟვია, მცირედ დაბურული მინის სარკმლის ფასადით.  პატარ სკვერში, ხეთა ჩრდილქვეშ რამოდენიმე ქვის მაგიდაა მოწყობილი. კაფე გარემოსთან მშვიდადაა შერწყმული, არავითარი მკვეთრი ფერები და მანათობელი აბრები, მხოლოდ სიძველე, გახუნებული ფერი და მტვერი. სემინარიის კედელს იმდენად შერწყმია, რომ შეიძლება მიმდებარე ქუჩა ისე აიარ-ჩაიარო ვერც შენიშნო მოკრძალებული პატარა კაფე. სხვანაირად ალბათ არც შეიძლება, რადგან ძირითადი მომხმარებელი- სემინარიის სტუდენტები, გარშემო მდებარე ტაძრების მრევლი და სასულიერო პირები არიან.

სემ (12)

არც სემინარიელი ვარ და არც ძველი თბილისის რომელიმე ტაძრის მრევლი, სასულიერო პირი მითუმეტეს. მაშ როგორ მოვხვდი?

მოკლედ, მოვხვდი ისე როგორც ყველა ნორმალური. კარიდან შევედი. ექსტერიერი მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის (რა თქმა უნდა, თუ ვინმე არ ხმაურობს…). კაფეს შიდა სივრცე ერთი დერეფნისებრ მოგრძო ოთახია, შუშის ფასადის გასწვრივ ერთი ორადგილიანი, ხოლო კედლის გასწვრივ ოთხადგილიანი (მონდომებისას კი მეტ)  ხის სადა მაგიდა-სკამებია. არავითარი ტექსტილი, მხოლოდ შიშველი ხე ბატონობს ინტერიერს. კაფე თანამედროვე შიგთავსის ძველებური ფანრებითაა განათებული. კაფე ერთი მხრივ ქვის კედლით ბოლოვდება, რომელზეც ნიში და ხატების კუთხეა მოწყობილი, მეორე მხრივ კი გრძელი დახლმაცივრითაა გადატიხრული. ცოტა გულსაწყვეტია, ძველი დახლმაცივარი სასადილოს განცდას აჩენს, დახლმაცივარის მიღმა პატარა სამზარეულო ოთახია, მაცივრებით და კედელთან გაზქურაზე მუდმივად მოთუხთუხე ორი ჩაიდნით, ამ უკანასკნელთა „დამსახურებით“ კაფეში მუდამ თბილა. დახლმაცივარის მიღმა მამიდა-ძმიშვილი მერი და დონარი ფუსფუსებენ. მათი თბილი, დიასახლისური ურთიერთობა კაფეს განსაკუთრებულობაა. კუჭისათვის დახლმაცივარში ცომეულის რამდენიმე სახეობაა გამოფენილი: ფენოვანი და დიდ-პატარა იმერული ხაჭაპური, საზანოს ყველით, (სურათი არა! ნამდვილად ყველით) თონის ლობიანი, კარტოფილის და სოკოს ღვეზელები, უხვად შაქრის პუდრმოყრილი ქიშმიშიანი ხაჭოს ღვეზელი, და რათქმა უნდა „პონჩიკი“. გამაგრილებელი სასმელი ტრადიციული არჩევანისაა, „ფანტა“, „კოლა“, „პეფსი“ და მინერალური სასმელები. კაფეს საკუთარი საფირმო სასმელი აქვს – მოცვის წვენი. როგორც დიასახლისი მერი გვააუწყებს მოცვი ყაზბეგიდან ჩამოაქვთ. გამაგრილებელი სასმელის გარდა კაფე შემოგთავაზებთ რამდენიმე სახეობის ყავას და ეროვნული წარმოების – „გურიელის“ ჩაის.  დახლ-მაცივარში გამოფენილი პროდუქცია კაფეში არ მზადდება, როგორც დიასახლისები გვაუწყებენ კაფეს მახლობლად მდებარე კონკას, მიმდებარედ არსებულ თონეში მზადდება ყოველივე და იქედან მოაქვთ. ასე რომ თუ სასურველი საკვების არსებულმა მდგომარეობამ არ დაგაკმაყოფილა (ცივია და არ მოგწონს) შეგიძლია თონეში ჩაირბინო და იქედან ამოიტანო. კაფეში საკუთარი საკვებით შემოსვლა არ იზღუდება, ჩაი-ყავის „მისაყოლებელი“  შოკოლადი და მსგავსი ნუგბარნი თუ გიყვარს კეთილი ინებე და თან იქონიე, ადგილზე არ აქვთ. კაფეში ალკოჰოლი და სიგარეტი მკაცრად აკრძალულია. აქ კვამლს მხოლოდ ჩაიდანი უშვებს ისიც ადუღებისას.

კაფეს მენიუს სრულად არ გავცნობივართ, მხოლოდ რამოდენიმე პუნქტი შევისწავლეთ დეტალურად. უხვად შაქარმოყრილი, ქიშმიშიანი ხაჭოს ღვეზელი საინტერესო რამაა, ტკბილ-მჟავეს შეჯვარებული გემო შიმშილის გრძნობას ახშობს, ზომის გამო არც “კუჭის ამოვსების“ საკითხს ტოვებს გადაუჭრელს. „პონჩიკი“ მართალია მოცულობითია, მაგრამ ცივია და შიგთავსიც არაა სათანადო ხარისხის. მოცვის წვენი, გრილი, სასიამოვნო და სასარგებლო, გახეხილი მოცვის მიკროსკოპული მინარევებით. სოკოს ღვეზელი ტიპიური, ფართოდ და გავრცელებული, თითქმის შავი შეფერილობის სოკოს შიგთავსით და მწვანილ-საკაზმით. მენიუს სხვა „პუნქტებიც“  სტანდარტულია, სტანდარტული გემო-გარეგნობის. არის მცირე სხვაობანიც, მაგალითად ის რომ ხაჭაპურის ყველი საზანოდანაა. სამწუხაროდ ლობიანის ლობიო და კარტოფილის ღვეზელის კარტოფილის სადაურობა არ დაგვიზუსტებია. სავარაუდოდ პირველს „გურულას“ ან „ცანავას“ გვეტყოდნენ, მეორეს კი ახალციხეს, ან ასპინძას. სოკოს სადაურობა განზრახ არ გვიკითხავს, სათბურის მისამართს დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭეთ.

სემინარიის კაფე ნამდვილად კარგი რჩევაა სტუდენტისათვის, აქ წარმატებით შეიძლება ჯიბის ნაკლებ დაზარალებით კუჭის მეტი პატივისცემა…

გიორგი ცინაძე 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები