27 ნოემბერს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა განათლების სამინისტროს მხარდაჭერით „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლის იუბილე აღნიშნა. შალვა მგლოველის, ნანა თარგმაძის, ლია კიკნაძის, ვლადიმირ კეკელიას, ნინო ქავთარიასა და ანა ჭეიშვილის საავტორო-სარედაქციო ჯგუფმა შექმნა „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ალბომი-კატალოგი. ეს ალბომი თავისი არსით უკვე უნიკალურია და მნიშვნელოვანი მონაპოვარია სამეცნიერო სფეროს შემდგომი განვითარებისთვის. ალბომი შეიცავს პოემის ხელნაწერებს, მინიატურებს, დეკორაციულ გვერდებს, ყდებს.
პროექტის ორგანიზატორი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბ-ნი ბუბა კუდავა გახლდათ. პრეზენტაციას საპატიო სტუმრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქ-ნი თამარ სანიკიძე, აკადემიკოსი მზექალა შანიძე და მეცნიერი, ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საზოგადო მოღვაწე ბ-ნი როინ მეტრეველი ესწრებოდნენ.
ბუბა კუდავამ ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა განათლების სამინისტროს და უძველესი ხელნაწერების მნიშვნელობაზე ისაუბრა: „საუკუნეების განმავლობაში „ვეფხისტყაოსანმა“ მძიმე გზა გამოიარა, არაფერი ვიცით თავად ავტორის შესახებ, თუმცა მთავარი სათქმელი პოემაშია გაცხადებული. ამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შთამომავლებს გვავიწყდება, რომ ეს ნაწარმოები საუკუნეებს სწორედ ძველმა ხელნაწერებმა გამოატარა უვნებლად, ძველმა კალიგრაფებმა, მწიგნობრებმა, რედაქტორებმა. ძველ ხელნაწერ მემკვიდრეობას სათანადო პატივი უნდა მივაგოთ, ეს ახალი ალბომი კი საეტაპო მნიშვნელობისაა.“
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქ-ნი თამარ სანიკიძე აქტიურ თანამშრომლობას, სამომავლო პროექტების დაფინანსებას დაჰპირდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა კი ქალბატონ თამარ სანიკიძეს სიმბოლური საჩუქარი გადასცა. განათლების სამინისტრო აფინანსებდა კონკურსს „კალიგრაფია“, ქ-ნ თამარს კი გამარჯვებული მონაწილის კალიგრაფიული ნამუშევარი გადასცეს წარწერით: თამარ სანიკიძე.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციაზე ბ-ნმა როინ მეტრეველმა გააჟღერა იდეა, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცეს.
პრეზენტაციაზე დაიგეგმა კულტურული მემკვიდრეობის საგანმანათლებლო სფეროსთან სინთეზი.
ჩვენამდე 164 ხელნაწერია მოღწეული. მათგან 110-მდე ნუსხა და 30-მდე მინაწერის შემცველი სხვა ხელნაწერი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. დანარჩენი ნუსხები დაცულია საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა სიძველეთსაცავში: ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეს ბიბლიოთეკა, საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა (პარიზი), ჰარვარდის უნივერსიტეტის ჰოუგტონის ბიბლიოთეკა, რუსეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა (სანკტ-პეტერბურგი) და ა.შ.
ყველაზე ძველი ხელნაწერი 1590-1600 წლებში გადაწერილი ნუსხაა, იოანე კათალიკოსის (ავალიშვილი) მიერ შექმნილი. ყველაზე უხვად ილუსტრირებულია ე.წ „წერეთლისეული“ ხელნაწერი, რომელსაც ახლავს 87 მინიატურა.
პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ 1712 წელს ვახტანგ VI-ის მიერ თბილისში, მტკვრის სანაპიროზე დაარსებულ სტამბაში (1708-1709) მხედრული შრიფტით გამოიცა. სტამბის მმართველად ვახტანგმა ანთიმოზ ივერიელის მოწაფე, უნგროვლახელი ოსტატი – მიხაი იშტვანოვიჩი მოიწვია. 1709 წელს სტამბაში პირველად სახარება და „დავითნი“ დაიბეჭდა ნუსხა-ხუცურით, შავი და წითელი საღებავებით. შემდეგ სტამბას შეემატა რამდენიმე ფერის საღებავი და სხვადასხვა ზომისა და ფორმის შრიფტიც: ასომთავრული, ნუსხური, მხედრული, ბერძნული და ლათინური. წიგნის კაზმულობასა და შრიფტზე ქართველი მხატვარ-გრავიორები და კალიგრაფისტები მუშაობდნენ, ილუსტრირებაც ძირითადად გრავიურით ხდებოდა. 1712 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ სტამბაში დაბეჭდილი პირველი საერო წიგნი იყო. იგი პოემის მოკლე რედაქციას შეიცავს, რომლის შემუშავებას საფუძვლად დაედო XVII საუკუნეში ზაზა ციციშვილის დაკვეთით შექმნილი ნუსხა.
„ვეფხისტყაოსნის“ პირველ ბეჭდურ გამოცემას ახლავს ვახტანგ VI-ის კომენტარები, რაც წარმოადგენს ტექსტის მეცნიერულად შესწავლის პირველ მცდელობას. ვახტანგ VI-მ ეს სამუშაო ჯერ კიდევ 1701 წლს წამოიწყო, როდესაც გარს შემოიკრიბა საუკეთესო მწერალ-მწიგნობარნი და „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა ნიმუშების განხილვას შეუდგა. დღეს ვახტანგისეული გამოცემის ყოველი ცალი დაზიანებული სახითა და არასრული ტექსტითაა შემორჩენილი.
„ვეფხისტყაოსანი“ 37 ქვეყანაში 47 ენაზეა თარგმნილი. პოემის სრული თარგმანი ფრანგულ ენაზე ეკუთვნის ცნობილ საზოგადო მოღვაწეს იონა მეუნარგიას (1852-1919), რომელსაც თარგმნისას ფრანგი ჟურნალისტი ჟიულ მურიე, მწერალი არტურ გუნდაკერ ფონ ზუნტერი და მისი მეუღლე, ნობელიანტი ბერტა ფონ ზუტნერი ეხმარებოდნენ. სამწუხაროდ, თარგმანი ამჟამად დაკარგულია. მკვლევართა შორის საუკეთესოდაა აღიარებული ინგლისელი ქართველოლოგის, მარჯორი უორდროპისეული ინგლისურენოვანი პროზაული თარგმანი, რომელიც მთარგმნელის გარდაცვალების შემდეგ, 1912 წელს გამოიცა.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა ხელმისაწვდომი იქნება ერთი კვირის განმავლობაში, 6 დეკემბრის ჩათვლით. ბილეთის ფასი სტუდენტებისთვის 1 ლარს შეადგენს, მოსწავლეებისთის კი 50 თეთრს.
პ.ს. ნუ დაკარგავთ ამ უნიკალურ შანსს, ეწვიეთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და დაათვალიერეთ „ვეფხისტყაოსნის“ საუკუნოვანი, უძველესი ხელნაწერები.
თეკლე ქაროსანიძე