„საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის“ პრეზენტაცია

ახალგაზრდული ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა“, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონალური ოფისის პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის მიზანია, გაეცნოს სტუდენტთა პრობლემებს და დაეხმაროს მათ გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე სტუდენტებს საზოგადოებაში პოპულარიზაცია გაუწიოს. “საქართველოს სტუდენტთა უფლებების  ლიგის” ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის, სალომე გრიგალაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ლიგაში სხვადასხვა უნივერსიტეტების ათასამდე სტუდენტია გაწევრიანებული. ორგანიზაციაში გაწევრიანება ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია, ამისათვის საჭიროა შესაბამისი განცხადების წარდგენა. პრეზენტაციაზე  აწსუს პრორექტორი შალვა კირთაძე ესწრებოდა. იგი ქუთაისში ორგანიზაციის ფილიალის გახსნას მიესალმა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებში ყველას უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია.

ლიგის პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა სხვა პრობლემებთან ერთად, უნივერსიტეტის ტექნიკური უზრუნველყოფა, სისუფთავე და სასწავლო წიგნების ნაკლებობა დაასახელეს. სტუდენტთა ნაწილმა ლიგის დაარსებას უნდობლობა გამოუცხადა, როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულის მიზეზი აქამდე შექმნილი არასამთავრობოების მიერ შეუსრულებელი დაპირებებია.

„მივესალმები ორგანიზასიის შექმნას, მაგრამ სწავლის დაწყებიდან დღემდე უამრავი მსგავსი ორგანიზაცია მოდის, აკეთებს პრეზენტაციებს და რეალურად არაფერი ჩანს გაკეთებული. იმედია ეს ორგანიზაცია თავის მოვალეობებს შეასრულებს” – ამბობს სტუდენტი ონისე ჯანაშია.

„საქართველოს სტუდენტთა უფლებების  ლიგა“ თბილისში 2011 წელს გაიხსნა.  ორგანიზაცია ფილიალების გახსნას სხვა ქალაქებშიც გეგმავს.

ავტორი: ანა ჯიქია

studpress.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები