ალბერ კამიუ – უცხო

ლიტერატურული გვერდი

ალბერ კამიუ ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი იყო. აბსურდის ფილოსოფიის წარმომადგენელი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1957). დაიბადა მონდოვიში, ალჟირში, ფრანგ ალჟირელთა ოჯახში. ბავშვობა კამიუმ ალჟირის ღარიბ უბანში, ბელკურში გაატარა.
კამიუს ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ფილოსოფიაში იყო მისი იდეა აბსურდზე – სამყაროს არსში ჩაწვდომის სურვილსა და ამის განხორციელების შეუძლებლობას შორის არსებული განხეთქილების შედეგი, რაც მან „სიზიფეს მითში“ აღწერა და შემდგომში მრავალ სხვა ნამუშევარში განავითარა. ერთ–ერთი ასეთი ნაწარმოები არის „უცხო“. მწერალი მთელი სიცხადით გვიხატავს ცხოვრების აბსურდულობასა და უაზრობას, რომელსაც მთავარი პერსონაჟი საკუთარ თავზე გამოცდის. „უცხო“ 1942 წელს გამოქვეყნდა და მასში მოთხრობილია ერთი მეტად უცნაური და უემოციო ადამიანის, მერსოს, თავგადასავალი.

წიგნს წამღვარებული აქვს დანიელ დეფოს ციტატა – „ერთი სახის ტყვეობის მეოხებით მეორენაირი ტყვეობის წარმოსახვა ისევე გონივრულია, როგორც რაიმე რეალურად არსებულის წარმოდგენა არარსებულის მეშვეობით.“

რომანის პირველივე სიტყვები ინტერესსა და ამავე დროს, უნდობლობას აღძრავს მთავარი პერსონაჟის მიმართ, თუმცა, ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ.

პირველი თავი იწყება ფრაზით: „დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ – გუშინ.რა ვიცი: მოხუცთა თავშესაფრიდან დეპეშა მივიღე: – ,,დედა გარდაიცვალა, დაკრძალვა ხვალ, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას“. რას გაიგებ, იქნებ გუშინ მოკვდა.“ მისი დამოკიდებულება ცოტა უცნაურია და წინააღმდეგობაშია იმ განცდებთან, რასაც ჩვეულებრივ განვიცდით ხოლმე საყვარელი ადამიანის გარდაცვალებისას. და შემდეგ უკვე მთელი ნაწარმოების განმავლობაში უამრავ უარყოფით ემოციას იწვევს მკითხველში მერსოს მოქმედებები და საქციელი. პირველი ასეთი ემოციები ჩნდება დედის დაკძალვის დღეს.

კამიუს იდეური ნააზრევი ნაწარმოების მეორე თავიდან იწყება. იგი უმეგობრდება რაიმონდს, რომელიც რომანში ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟი–მერსოს ანტიპოდია. მათი მეგობრობაც შემთხვევით და სპონტანურად აეწყობა და შემდეგ სწორედ მის გამო ამოჰყოფს თავს შარში. მას მკვლელობაში ადანაშაულებენ, თუმცა გულგრილობისთვის უფრო ასამართლებენ, ვიდრე ჩადენილი დანაშულისთვის. „რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს საქმეში მკვლელობას, თუ სიკვდილს იმიტომ მომისჯიდნენ, რომ დასაფლავების დღეს დედა არ ვიტირე.“
მერსოს სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ მის სიკვდილში ერთადერთი დამნაშავე დედა იყო, რომ ტირილს შესაძლოა, საქმე გამოესწორებინა, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი ამაოა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მას 5 თვის ციხეში გატარება და დროის გაყვანა არ უჭირს. იგი ვერც ხვდება, რომ ამდენი დრო გასულიყო. მას დროის გასაყვანად მხოლოდ ორი ხერხი აქვს: ძილი და საკუთარ გონებაში, მოგონებებში ხეტიალი. „მაშინ მივხვდი, რომ ადამიანს ერთი დღის მოგონებებით შეუძლია ციხეში ასი წელი გაატაროს. თურმე, საკმარისი ყოფილა ერთი დღის მოგონება, რომ არ მოგეწყინოს.“

ნაწარმოების დასარულს – „დღის და ღამის მიჯნაზე საყვირებმა დაიღმუვლეს. ისინი სხვა ქვეყნად წასვლას იტყობინებოდნენ, რომელსაც ჩემთვის ახლა არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.“ აბსურდის ფილოსოფიის ამოსავალი წერტილი სწორედ სამყაროს აბსურდულობის შეცნობაა. ადამიანი თავისი მონოტონური ცხოვრების რომელიღაც მომენტში ფხიზლდება და უამრავს შეკითხვას უსვამს საკუთარ თავს ცხოვრებაზე, არსებობაზე, მაგრამ პასუხის ნაცვლად აბსურდის კედლებს აწყდება. გამოსავალს ზოგი იმედში ხედავს, ზოგი – რელიგიაში, ზოგიც – თვითმკვლეობაში. მერსომ სამყაროს გაუგო, მის სასრულობას მიხვდა და აზრი ვერ უპოვა სიცოხლის გაგრძელებას, რომლის შანსსაც კი არ აძლევდნენ, რათა თავისი სხეული ისევ მარილიან წყალში დაესველებინა. იგი არ ეწინააღმდეგება იმ განაჩენს, რომელიც საზოგადოებამ გამოუტანა.

„ისღა დამრჩენოდა, ჩემი თავის მოკვეთის დღეს მაყურებელი მენატრა, რომ განაჩენის სისრულეში მოყვანა ზიზღის ყვირილით მიეღოთ.“ ნაწარმოების კითხვის განმავლობაში ვაცნობიერებდი ცხოვრების და იმ ფასეულობების აფსურდულობას, რომელთაც სიცოცხლის ფასად ვიცავთ.
მთელი სიცოცხლის განმავლობაში, თავს ვაფარებთ ჩარჩოებს, დოგმებს და ნორმებს, რომელსაც საზოგადოების სახელით ვნიღბავთ. მერსო მთლიანად არღვევს ყოველგვარ წინაღობებს, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს. თუმცა, ეს წინააღმდეგობები არ გამოიხატება განზრახ, დაგეგმილად. მისი ხასიათიდან გამომდინარე, მისთვის ეს ყველაფერი ბუნებრივია, ის გულწრფელია ბოლომდე თავისი ემოციებით და ქმედებებით. და რამდენადაც ადამიანი ხედავს დანაშაულს თავისი ქმედებით, იმდენად ინანიებს მათ. მისთვის უცხოა მონანიება, რელიგია, რწმენა. ჩემი აზრით, მისთვის უცხოა ყოველივე ადამიანური გრძნობა. ამ ყველაფრით კი თვითონ – ერთი ხდება უცხო საზოგადოებისთვის.
თავის მხრივ, საზოგადოების ქმედებაც არ აყოვნებს და დაუყოვნებლივ კვეთს მას საკუთარი რიგებიდან. საზოგადოებას არ უყვარს ახალი, განსხვავებული, არანორმირებული ინდივიდები. მისთვის მერსო უცხოა, რაც მიუღებელს ნიშნავს.
ჩემი აზრით, ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით არ უნდა ვისაუბროთ რომელიმე მხარის ბრალეულობაზე. ამ „ბრძოლაში“ გამარჯვებული არავინ არის. გამარჯვებულად შეიძლება ჩავთვალოთ მხოლოდ იდეა თავისუფლების მიღწევის, მაგრამ არა მერსოს მიერ აღქმულის. ( შედარებისთვის, მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ „იგი“. იგის აღმოჩენები: შეგძნებები, ქმედებები, სურვილები…. უცხო აღმოჩნდა საზოგადოებისთვის და გაწირეს „განსხვავებულობის დანაშაულით“ დაღდასმული.) მიმაჩნია, რომ თავისუფლება საზოგადოებრივის არა, მაგრამ ადამიანურ ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს. პასუხისმგებლობა ყველა ძალას აქვს, და თავისუფლება თავის მხრივ ძალად მოიაზრება.

P.S „ერთი სახის ტყვეობის მეოხებით მეორენაირი ტყვეობის წარმოსახვა ისევე გონივრულია, როგორც რაიმე რეალურად არსებულის წარმოდგენა არარსებულის მეშვეობით“. გვიან მივხდი, თუ რეალურად რის თქმა სურდა მწერალს.

ავტორი: თამუნა ჭონქაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები