„ჟამი კითხულისა“ – თამაზ ბიბილური

ლიტერატურული გვერდი

   Tamaz_bibiluri

     თამაზ ბიბილური ქართული პროზის ჩრდილში მდგომი მწერალია. მსურს, პირველად სწორედ ის გაგაცნოთ, რადგან მისი ნაწერი უჩვეულო ეზოთერულობის, შინაგანი ჩაღრმავებისკენ უბიძგებს მკითხველს. ვფიქრობ, რომ ეს გრძნობა ყველა ჩვენგანს, როგორც მოაზროვნე არსებას, ძალზედ გვესაჭიროება, ჩვენ გარშემო მომხდარი მოვლენებისა და არსის გასაანალიზებლად. თამაზ ბიბილურის ვირტუალურ სოციუმში განვითარებული მოვლენები კარგად ნაცნობი და პრობლემურია დღევანდელობაშიც. ის ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ინდივიდის თავისუფლების საკითხი საზოგადოებაში, ადამიანთა მიერ გამოგონილი კერპების რწმენას, ხალხის, როგორც ბრბოს ფსიქოლოგიას. ვფიქრობ, თემატიკა საკმაოდ პრობლემურია – გაავლეთ წარმოსახვითი პარალელები დღევანდელობასთან და იგრძნობთ მათ სიმწვავეს. ფიქრით წასაკითხი წიგნია თამაზ ბიბილურის „ჟამი კითხულისა“… გთავაზობთ რომანის  მიხედვით შექმნილ ვარიაციას, რომლის წაკითხვის შემდეგაც, ვიმედოვნებ, გაეცნობით ამ „მივიწყებულ“ ნაწარმოებს…

    იყო სოფელი ერთი, მაღალი ქედებით შემოჯარული, გარიყული კაცთაგან. სოფელს ჰყავდა ბრძენკაცი – კითხული იმ ჟამისა, განმკითხველი და მსაჯული ყოველივე საქმისა სოფელში. ამ სოფლად ცხოვრობდა ორი მეგობარი, ერთი – გიორგი ბალიაური, კითხულის შთამომავალი, ბალიაურთა გვარის გამგრძელებელი, დამძიმებული ბრძენკაცის შვილობის კაბალური ტვირთით. მეორე კი სამადლოდ შევრდომილი ყმაწვილი კითხულის კარზე – სახელად ზოსიმე. იყო უჩვეულო მეგობრობა მათ შორის, უთქმელი, ეზოთერიული ძალით შეერთებული… ბორგავდნენ მათი სულები ერთი ბეწო სოფლად გამოკეტილნი. …და ერთ სუსხიან რიჟრაჟზე ისინი გაიქცნენ ბაბილონიდან. მათ სულ რაღაც ერთი დღით ამოიყვანეს ერთმანეთი მახრჩობელა ჭაობიდან; მხოლოდ ერთხელ იგემეს ცხოვრებაში თავისუფლება, სულ რაღაც ერთი მთის მოშორებით საკუთარი სოფლისგან. მათთვის კი ეს იყო სივრცის გარღვევა, მიღმიერის მიღმა გასვლა, ზიარება შეუცნობელთან, მანამდე მხოლოდ ოცნებასა და სიზმრებში წარმოსახულთან. მაგრამ მუხთალი აღმოჩნდა ბავშვობის გულუბრყვილობით ნაგები სამყაროც. ცრემლი მოერიათ მეგობრებს.  სოფელი უხმობდა უძღებ შვილებს… ისინი უნდა დაბრუნებულიყვნენ, რადგან იქაურობას ეკუთვნოდნენ, გიორგი – როგორც კითხული, ზოსიმე კი როგორც სულიერი მწყემსი უტაძრო სოფელში.

     სოფელი კი იყო უსახური, უფორმო, ინსტიქტებით მართული მასა ადამიანებისა. მძლავრად ჩქეფდა მათ საერთო ძარღვში უზღვავი დაუდგრომელი სისხლი. ეს სისხლი ზამთრობით იბუდებდა ამ  ნეკროზულ ორგანიზმში, გუბდებოდა და ელოდა მყინვართა დნობას, მერე ერთბაშად რომ ემტვრია ზამთრის განმავლობაში აზიდული ჯებირები. სწორედ ამ დროს იყო ყველაზე საშიში და დაუნდობელი ხალხი. დროზე უნდა მოესწრო გაზაფხულს მათთვის, ამ მახინჯ ლევიათანს თავისივე თავის ჭამა რომ არ დაეწყო. დადგებოდა მონატრებული გაზაფხული და მაშინ იხსენებდა ხალხი კითხულს, როგორც დიდი ხნის წინათ თაროზე შემოდებულ საჭირო, მაგრამ იშვიათად მოსახმარ, მტვერმოკიდებულ ნივთს. აი, მაშინ უნდა ეკისრა კითხულს კითხულობის მთავარი ტვირთი – დიდი ბრძენიდან გამხდარიყო შეუბრალებელი მებრძოლი, რომელიც სოფელს თავის ბესტიალურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებინებდა.

    კითხული უნდა ყოფილიყო კერპი სოფლის ფსევდოიდეათა სამყაროში – ხატება კითხულისა, დევკაცისა და გმირისა, უძლეველი მარტოკაცისა, რომელიც თავის დიადი ცხოვრების დღეებს ლევდა სოფელზე ფიქრში, მტკიცედ შემოზღუდულ გალავანს შიგნით. ეს ციხე-სიმაგრე ჰგავდა ატლანტიდას, მითიური ცრურწმენით განმტკიცებულს და ამით უფრო შორეულს და შეუვალს. თუმცა, ეს იყო მათი ბრმად მორწმუნეობის ტაძარი, რომლის დამხობას ყოველთვის სულ ცოტა აკლდა, იოტისოდენა…

     მათი სამყარო იყო დახუნძლული ყოვლის მხედველი არგუსის თვალებით, როგორც ვენახი ყურძნის მტევნებით მწიფობის თვეში… ეს თვალები ყველაფერს ჰქონდა, და მათი ბატონი იყო ის – დიდი მოურავი, დიდი ძმა, მარჯვენა ხელი კითხულისა, რომლის ასავალ-დასავალი არავინ უწყოდა. უცხოკაცი, მოსული არსაითგან, ორსახა, ღვთაება იანუსის მსგავსად – ხეჩინასა და ხირჩლას სახით, მძლავრად იდგამდა საოცრად ცხოველმყოფელ ფესვებს სოფლის ცხოვრებაში. ხელს აფათურებდა როგორც სულიერ, ასევე საერო საქმეში. ეს კაცი იყო უცხო თავისიანთა შორის და თავისიანი უცხოთა შორის, ჰქონდა ეს საოცარი უნარი თვითგადარჩენისა. თანმდევი სულივით ასდევნებოდა ეს ყურმოჭრილი ლანდი ზურგს უკან დიად კითხულს, მაგრამ, საბოლოოდ, თავად უცდომელი კითხული აღმოჩნდა მონა თავისივე მონისა…

      „ჟამი“ – ითქვა ეს  სიტყვა ლანდად ქცეული ხირჩლას მიერ  და ხალხში ჩაიკარგა, ხალხი კი – სიტყვაში და გაირინდა… სიტყვა იყო პირველი და მან შვა შიში – დიდი  შავი არსება, მრგვალი, დაჭყეტილი თვალებით… ხალხი ჭამდა შიშს გულმოდგინედ, შიში კი უფრო მეტად ჭამდა მას, სანსლავდა ცხრათავიანი დევივით… ხალხის სიმრავლე კი იდგა თითქოს ერთად, მაგრამ საოცრად განაპირებული ერთურთისაგან; და თითოეული ერთიმეორეზე გამალებით შეექცეოდა შიშს თვითგვემისაგან მიღებული სიამოვნების უჩვეულო მოწამეობრივი ნეტარებით…  ამ დროს იბადებოდა კრავი, რომელსაც შიში ტკბილ ლუკმად მიირთმევდა,  უსამართლობა კი მას მსხვერპლად შეიწირავდა  საღვთო მისტერიის აღმსრულებელი თავნება ქურუმივით. კრავი უნდა ყოფილიყო ყველაზე წმინდა, ყველაზე სპეტაკი თეთრი მატყლით – კაცი, რომელიც მხსნელი იყო, მაგრამ გაუცხოებული, ასეთი იყო კითხული გიორგი ბალიაური. ის იყო ჟამის მატარებელი ხალხის თვალში. სწორედ ის უნდა ყოფილიყო სამსხვერპლო ტარიგი, რადგან არ იყო მათნაირი…

     სოფელი კი გადარჩებოდა – დაიბანდა ხელს და მოიხდიდა ჟამს. საკუთარ სოროებში გამოიზამთრებდა ხალხი ჟამიანობას. მოკვდებოდა იმისთვის, რომ გაცოცხლებულიყო, ფენიქსივით აღმდგარიყო და განეგრძო თავისი უთავბოლო არსებობა წლიდან წლამდე, საუკუნიდან საუკუნემდე, სამარადჟამოდ.

      მაგრამ არასდროს, არასდროს დადგებოდა ჟამი მათი გაზაფხულისა…

ქრისტინე ცირეკიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები