საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო. დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა აარონ ეტინგენმა მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა და იმ ქართველ სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც სურთ განათლება ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლაში მიიღონ. სტუდენტები, რომლებიც ჩარიცხულნი იქნებიან გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის, ბრედფორდის უნივერსიტეტისა და ლინკოლნის უნივერსიტეტის მიერ აკრედიტირებულ რომელიმე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასური შეუმცირდებათ.
ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლა უზრუნველყოფს სწავლისათვის განკუთვნილი თანხის 50%-ის ოდენობის გრანტს სტუდენტისათვის, რომელებიც ლბფს-ისა და პროგრამა „ცოდნის კარის“ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, მიუხედავად იმისა, ნაწილობრივ იქნებან დაფინანსებულნი ისინი აღნიშნული პროგრამით თუ სრულად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებულ საზღვარგარეთის პრიორიტეტული უმაღლესი განათლების დაწესებულებების სიას, რომლებშიც აპლიკანტები სწავლას აგრძელებენ, გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის, ბრედფორდის უნივერსიტეტისა და ლინკოლნის უნივერსიტეტის პროგრამებიც დაემატება.
წყარო : mes.gov.ge