არსებობს თუ არა ღმერთი და სად არის იგი? დიდი ხანია ამ საკითხზე კამათი მიდმინარეობს. თუ ადრე მოკამათეები მეცნიერები და ფილოსოფოსები იყვნენ, ახლა მოდებატეთა ასაკმა დაიწია და ამ თემაზე, ყველაზე ხშირად, ახალგაზრდა თაობაში გაიგონებთ სჯა–ბაასს. საინტერესოა, უფროსმა თეობებმა გასცეს უკვე პასუხი ამ კითხვებს თუ უბრალოდ მიავიწყდათ ეს თემა? რატომ არის ახალგაზრდებში ასეთი დაინტერესება ღმერთის არსებობა–არარსებობასთან დაკავშირებით? პასუხი ამ უკანასკნელ კითხვაზე, როგორც წესი ერთია – მოდა. მოდა ხომ შედარებით უმცროსი თაობის ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
თითქმის ყველა ახალგაზრდას სურს იყოს დამოუკიდებელი და არანაირ დადგენილ კანონებსა თუ დოგმებს არ დაემორჩილოს. თავისუფლება–ეს ხომ სიცოცხლის არსია!? თავისუფლებისთვის კი აუცილებელია, გაარღვიო შენ ირგვლივ არსებული საზღვრები და შორს გაიჭრა, არ დაემორჩილო წესებს, რომლებიც პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ზღუდავენ თავისუფლების ხარისხს. დამოუკიდებლობისთვის კი აუცილებელია, აჯანყდე, პროტესტი გამოუცხადო დადგენილ წესებს და მის საწინააღმდეგოს მიჰყვე.
როგორც ჩანს, „ჯანყის“ შესაძლებლობა ბევრმა ახალგაზრდამ ე.წ. ათეიზმიში იპოვა. ათეიზმი ხომ არ ემორჩილება საეკლესიო წესებსა და რელიგიის კანონებს, რომლებიც, როგორც სასულიერო წრის წარმომადგენლები აცხადებენ, ღმერთის დადგენილია. ამიტომ ე.წ. ათეიზმი პირდაპირ უარყოფს ამ წესების „დამდგენელს“–ღმერთს და „თავისუფლდება“ საეკლესიო კანონებისგან. ამგვარად ჩვენი თაობის გარკვეულმა ნაწილმა თავისუფლება ათეიზმში იპოვა და ისიც, როგორც ახალგაზრდული სულისკვეთების, დაუმორჩილებლობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, მოდაში შემოვიდა. როგორც მოდა კი, მიმბაძველობის საგანი გახდა და დღეს ყოველი მეორე სტუდენტი „ათეისტია“. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი „ათეისტების“ მიერ ღმერთის არსებობის უარყოფა, არა რელიგიურ მოტივებზე ან რაციონალიზმზეა დამოკიდებული, არამედ მხოლოდ მიმბაძველობაზე – იყოს „ახალგაზრდა“, „დამოუკიდებელი“ და „თავისუფალი“.
ვხვდებით მიმბაძველობის საპირისპირო მხარესაც. ღმერთის რწმენა და საეკლესიო წესებით ცხოვრება ხომ სულის ამაღლებას უწყობს ხელს. ის, ვინც ეკლესიაში ხშირად დადის, წირვას ესწრება, აბარებს აღსარებას და ეზიარება, დიდებული სულის პატრონია და გარდაცვალების შემდეგ უფალთან იქნება. ასეთი ადამიანი ცხოვრების სწორ წესს მისდევს და აღემატება კიდეც სხვა – „ურწმუნო“ ადამიანებს. ამიტომ ბევრმა ახალგაზრდამ (და არა მარტო მათ) მოინდომა, თვითონაც გახდეს ასეთი „ამაღლებული“ სულის პატრონი. ამისათვის მიბაძა მის „მორწმუნე“ მეგობარს (რომელიც შესაძლოა, მართლა გულით მორწმუნე იყოს, ანუ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდეს) და თავადაც დაიწყო საეკლესიო წიგნების კითხვა და ეკლესიაში სიარული.
და მაშინ, როდესაც „ათეისტი“ და „მოწმუნე“ ერთმანეთს ხვდებიან და რელიგიაზე ჩამოაგდებენ საუბარს, პირველი მათგანი საზოგადოებაში არსებული გაცვეთილი ფრაზებით ამტკიცებს ღმერთის არარსებობას, ხოლო მეორე მათგანიც არ ჩამორჩება მას და ეკლესიაში მოსმენილი მოძღვრის ქადაგებიდან იშველიებს ფრაზებს. სინამდვილეში, არც ერთ მხარეს არ აქვს გათვითცნობიერებული საკამათო საკითხი და უაზროდ იმეორებენ მოსმენილ ციტატებს. ამგვარად ხშირად შეხვდებით (განსაკუთრებით უნივესიტეტში) ამ თემაზე მოდებატე ახალგაზრდებს, რომლებიც გაცხარებით კამათობენ და უმტკიცებენ ერთმანეთს უფლის არსებობა–არასებობას. თუ მოკამათე მხარეები მეგობრები არიან, მათი დავა სიტყვიერი კამათით დასრულდება (საიდანაც გამარჯვებული, რა თქმა უნდა, ვერც ერთი ვერ გამოვა), ხოლო თუ არ არიან ახლობლები, შესაძლოა, ეს განხილვა შეხლა–შემოხლითაც დამთავრდეს.
ამავდროულად გამოჩნდნენ გონებამახვილი ახალგაზრდებიც, რომელთაც ერთდროულად შეინარჩუნეს ახალგაზრდული „დაუმორჩილებლობა“ და თავიდანაც აიცილეს შესაძლო დებატები ამ მოდურ საკითხთან დაკავშირებით. მათ უბრალოდ თქვეს, რომ ვერ ამტკიცებენ ვერც ღმერთის ასრებობას და ვერც მის არარსებობას. სახელად კი აგნოსკიკოსები ეწოდათ. ამგვარადახალგაზრდების მოდაში სამი, ასე ვთქვათ, მიმდინარეობაა მოდაში: „ათეიზმი“, „მორწმუნეობა“ და „აგნოსტიკოსობა“.
P.S. რაღა თქმა უნდა, ზემოთ დასახელებულის გარდა, ახალგაზრდა თაობაში არიან ჭეშმარიტი მორწმუნეებიც და ისინიც, რომელთაც რეალურად არ სწამთ ღმერთის. მე შეძლებისდაგვარად აღვწერე ის სამწუხარო რეალობა, რასაც ხშირად შევხვდებით ხოლმე ჩვენ ირგვლივ.
ნიკა ჩერქეზია