თეოლოგიურ–მეცნიერული ლექციები თსუ–ში

უნივერსიტეტების სიახლეები

დღესდღეობით ბევრ ახალგაზრდას (და არამარტო ახალგაზრდა თაობას) უჩნდება კითხვები რელიგიის სხადასხვა თემასთან დაკავშირებით. ზოგიერთები ამ კითხვებს საჯაროდ სვამენ და დისკუსიებს აწყობენ სამეგობრო წრეში, სადაც, როგორც წესი, „ათეისტებისა“ და „მორწმუნეების“ სჯა–ბაასი იმართება ღმერთის არსებობისა და მღვდლების ავ–კარგიანობის შესახებ. ისინი, ვინც საჯაროდ ვერ ბედავენ ან არ სვამენ კითხვას, გულში ინახავენ და შესაფერის მომენტს ელოდებიან, როდის გაეცემათ პასუხი თავისით, ან უბრალოდ ივიწყებენ მათ. ზოგიერთი არც ივიწყებს და არც საჯაროდ სვამს კითხვას და გადაწყვეტს, რომ ეკლესიაში მივიდეს და მღვდლისგან მოისმინოს პასუხი. აქაც რამდენიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე: პირველ შემთხვევაში მიდიან ეკლესიაში და ისმენენ მოძღვრის რჩევა–დარიგებას, რომელიც სინამდვილეში პასუხი უნდა ყოფილიყო დასმულ კითხვაზე და ეკლესიიდან გამოსულთ (უმეტეს შემთხვევაში) მხოლოდ მღვდლის დამოძღვრა რჩებათ ხელთ. მეორე შემთხვევაში კი, იმის და მიუხედავად, რომ ეკლესიაში მისვლის სურვილი აქვთ, ვერ ახერხებენ მოძღვრამდე მისვლას და კითხვის დასმას გარკვეული „ობიექტური“ მიზეზების გამო. მათ, ვინც ზემოთთქმულში ოდნავ მაინც დაინახა საკუთარი თავი, მინდა ვაცნობო, რომ თსუ–ში იმართება თეოლოგიურ–მეცნიერული სახის ლექციები, სადაც მოწვეულნი არიან სხვადასხვა რანგის სასულიერო პირები და ატარებენ საჯარო ლექციას (და არა ქადაგებას) იმ თემებთან დაკავშირებით, რაც სტუდენტებს აინტერესებთ რელიგიაზე.

DSCF8504

დღესაც, 6 ნოემბერს, თსუ–ს ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის მცირე დარბაზში ჩატარდა ლექცია, რომელიც შეეხებოდა ქრისტიანობის ისტორიას. ლექცია წაიკითხა მამა ილიამ და ისაუბრა როგორც ზოგადად ქრისტიანობის ისტორიაზე, მის გავრცელებასა და ცვლილებებზე, ასევე – კონკრეტული ქვეყნის მაგალითებზე. განიხილეს ის პოლიტიკური და სხვა ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენდნენ და ახდენენ ქრისტიანობაზე, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში. სტუდენტებმა დასვეს კითხვები და მიიღეს საინტერესო პასუხები, რომლებიც შეეხებოდა ეკლესიების ავტოკეფალიას ისტორიის სხვადასხვა პერიოდში, ასევე საქართველოში ქრისტიანობის განვითარებასა და ზოგადად რეფორმებს მსოფლიო ქრისტიანობასა და კონკრეტულად მართლმადიდებლობაში.

DSCF8499

მსგავსი სახის ლექციები მომავალშიც გაგრძელდება და ექნება სისტემატური ხასიათი. თვეში საშუალოდ ორი–სამი ლექცია ჩატარდება და მოწვეული იქნებიან სტუმრები, რომლებიც შეეცდებიან, მეცნიერულად ახსნან რელიგიური მომენტები და დაინტერესებულ საზოგადოებას გაცსენ ამომწურავი პასუხები.

ნიკა ჩერქეზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები