კალიგრაფიის კონკურსი

კონკურსები

1383724985_dsc_7828

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით, კონკურსი „ქართული კალიგრაფია“ გამოცხადდა.

შესაბამისი ბრიფინგი დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ გამართეს.

კონკურსის მიზანია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვარის – ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

1. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს VII-დან XII კლასის ჩათვლით;

2. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს;

3. სხვა ზრდასრულ დაინტერესებულ პირებს;

4. საზღვარგარეთ მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს.

კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება – შესარჩევი ტური, ნახევარფინალური ტური და დასკვნითი ტური.

კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

„ქართული კალიგრაფიის“ კონკურსს 2010 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და ყოველწლიურად იმართება. კონკურსის მონაწილეებს საშუალება აქვთ თანაბარ კონკურენტულ პირობებში წარმოაჩინონ უნარი ხელით წერის კულტურაში, ასევე, აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ ლექცია-სემინარები შესაბამის თემებზე.

ქართულ კალიგრაფიულ სკოლას საუკუნეების ტრადიცია აქვს. ხელით გადაწერილი წიგნი ადრეულ საუკუნეებშივე იქცა კულტურულ და ეროვნულ ფენომენად. საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სამწიგნობრო კერებში საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართული წიგნი. მონასტრებში მოღვაწე მწიგნობრების შემოქმედებითი ჯგუფები ქმნიდნენ რა ხელნაწერ წიგნებს, განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდნენ ქართული ანბანის გრაფიკულ მოხაზულობას, წიგნის შესამკობად გამოყენებულ მოხატულ ასოებსა და სხვა დეკორატიულ ელემენტებს. ხელით შესრულებული ნამუშევრები, როგორც ხელოვნების ნიმუშები, საკმაოდ ძვირადღირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ანა ნადირაძე

წყარო

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები