„სულ არაფერს ჯობია“ ანუ სასადილო „Good Food“

ბლოგი

მას შემდეგ, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ის პრობლემები, რაც თსუ-ს სტუდენტებს აწუხებთ, ნელ-ნელა მეც შემეხო, ზოგი მეტად, ზოგი კი ნაკლებად. იყო სემესტრები, როდესაც საგნებს უპრობლემოდ ვირჩევდი და ასევე მქონდა შემთხვევები, როცა ამის გამო ძალიან გავწვალდი. თუმცა ერთი პრობლემა, რაც მუდმივად თან მდევდა, იყო ლექციებს შორის რამდენიმესაათიანი შუალედი. როცა ლექციები სწორედ ამხელა „ფანჯრის“ გამო დილიდან საღამომდე გიგრძელდება, ბუნებრივია, იღლები და ძალიანაც გშივდება.

სად შეიძლება სტუდენტმა შიმშილის გრძნობა მოიკლას და თან ლექციებს შორის არსებული დროც გაიყვანოს? 2011 წელს, როცა სტუდენტი გავხდი, უნივერსიტეტის სასადილო „Good Food“ უკვე დაკეტილი იყო. ჩვენი გამოსავალი იქვე გახსნილი საცხობები, რასაც სტუდენტის მწირი ბიუჯეტი ადვილად გასწვდება, ანდა, საუკეთესო შემთხვევაში, ახლოსმდებარე კაფეები იყო. თუმცა, რამდენად შეიძლება ამას გამოსავალი ვუწოდოთ, ესეც სადავოა. 2012 წელს გაზაფხულის სემეტრში ერთ-ერთ საცხობში ნაყიდი ღვეზელი მოწამვლად და ინფექციურ საავადმყოფოში გატარებულ რამდენიმე დღედ დამიჯდა. სამწუხაროდ, არც კაფეები ამართლებს ყოველთვის. იმავე წელს, თსუს სტუდენტი ნათია ხვადაგიანი „სტუდენტურ კაფე“-ში ნაყიდი დონატით მოიწამლა.

2013 წელს, სასწავლო წლის დაწყებიდან მალევე, უნივერსიტეტის სასადილომ, Good Food-მა, ისევ დაიწყო ფუნქციონირება. სტუდენტთა უმეტესობა მის გახსნას მიესალმება. ისინი ამბობენ, რომ სასადილოში აქვთ კარგი საჭმელი, მისაღები ფასები, თუმცა გარკვეულ ხარვეზებსაც ამჩნევენ:

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ნათია დემეტრაშვილი: ,,კარგია, რომ გაიხსნა. მენიუ აქვთ მრავალფეროვანი. თან მზა საჭმელს არ ყიდულობენ, ყველაფერს მზარეულები თავად ამზადებენ. ფასებს, რასაც გადავხედე, ნორმალური და სტუდენტის ჯიბისთვის მორგებულია. თუმცა მე წინა Good Food-შიც ნამყოფი ვარ და სიტუაცია ბევრად არ გაუმჯობესებულა. ისევ ბევრი ხალხია, ისევ რიგებია და ისევ ხმაურია. მიუხედავად ამისა, სულ არაფერს, ჯობია. მაინც არაჩვეულებრივი ადგილია „ფანჯრის“ პერიოდში მეგობრებთან ერთად ყოფნისთვის.’’

თსუს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი, თამუნა შუბითიძე:  „საჭმელი და ფასები კარგი აქვთ. მომსახურებას რაც შეეხება, სისწრაფე აკლიათ. შესვენებაზე რომ ვერაფრის ჭამას და დალევას ვერ მოასწრებ, ამას ლაპარაკიც არ უნდა. დიდად არც გარემო მომწონს, პატარა ადგილია და ბევრი ხალხის გამო, სულ ყაყანია, მაგრამ მთავარია, გაიხსნა, დანარჩენი მოგვარდება.“

თსუს, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, ქრისტინა საჯაია:  ,, სასიამოვნო გარემო და მისაღები ფასებია. მოხარული ვარ, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ჯანსაღი საკვები’’.
კიდევ ერთი პრობლემა, რასაც სტუდენტები Good Food-თან დაკავშირებით ასახელებენ, არის გადახდის სისტემა. ამბობენ, რომ ამის გამო მომსახურება საკმაოდ ფერხდება და რიგები იქმნება. თუმცა მიუხედავად ხმაურისა, რიგებისა და ნელი მომსახურებისა, ამ სასადილოს გახსნა მათ უმრავლესობას მაინც უხარია. ალბათ, დამეთანხმებით, რომ საცხობში რაიმეს ყიდვას და გარეთ დარჩენას, უნივერსიტეტის სასადილოში შესვლა და შედარებით უსაფრთხო საკვების მიღება ჯობია, ლექციებს შორის არსებული უკვე პრობლემად ქცეული რამდენიმე საათის გატარებაც, ასე გაცილებით ადვილი ხდება.

მარიამ დემეტრაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები