„გადამწერთა საზოგადოება“

სტუდენტური ცხოვრება

clip_image006_5

საჭყიტინო – სწორედ ასე მოიხსენება ჩვენი გულითადი მეგობარი, „შპარგალკა“. ჩვენს უნივერსიტეტში, ისევე როგორც ყველგან, ბევრი „შპარგალკისმოყვარული“ სტუდენტი სწავლობს. თვალთმაქცობა ხომ კანონით არ ისჯება?! სამაგიეროდ, შეიძლება ,,ჩაგავლონ“ და  25 ქულის გარეშე დარჩე. ჩვენ რამდენიმე „ქულებზე მონადირეს“ გავესაუბრეთ.

   წესი ნომერი 1 კოლოქვიუმის, გამოცდის და შუალედურის დროს დაუშვებელია ,,შპარგალკის“ გამოყენება, მისი აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი გაუქმდება, ხოლო სტუდენტი დაუყვონებლივ იქნება გაძევებული აუდიტორიიდან. ნაშრომის შეფასების გრაფაში დაიწერება 0.

სტუდენტი N1 :

– იყენებთ თუ არა  ,,შპარგალკას“ ?

– დიახ, რა თქმა უნდა, და ვერ წარმომიდგენია სტუდენტი, რომელიც ,,შპარგალკას“ არ იყენებს ან ერთხელ მაინც არ გამოუყენებია.

– რა დროს და რა სიხშირით იყენებთ მას?

–  მაშინ, როცა სწავლა მეზარება ან საგანი არ მაინტერესებს. თუ საგანი მაინტერესებს, მაშინ ვსწავლობ და შესაბამისად არც ,,შპარგალკის“ დახმარება  მჭირდება.

– რა ფორმით ამზადებთ ,, შპარგალკას“?

– ბევრნაირად. შეიძლება უბრალოდ პატარა ფურცელზე დაწერო მთელი საკითხი და შეუმჩნევლად გადაწერო, თუმცა ამ შეუმჩნეველ გამოყენებასაც ნიჭი უნდა. თუ ლექტორი ძალიან დაკვირვებულია, მაშინ იყენებ ,,სკოჩს“, აწებებ ქსეროქსზე, შემდეგ რეცხავ ,,სკოჩს“ ისე, რომ მასზე მკვეთრად რჩება ქსეროქსის სიტყვები. გამოცდის დაწყებამდე ,,სკოჩს“ აწებებ მერხზე ან მოსახერხებელ ადგილას და იწერ შეძლებისდაგვარად.

– ზოგიერთ სტუდენტს გამოცდები ეროვნულ ცენტრში, ოთხი ზედამხედველის თანდასწრებით უტარდება.ამ შემთხვევაში ,,შპარგალკის“ გამოყენება ალბათ შეუძლებელია,არა?

– სულაც არა, უბრალოდ, რთულდება ,,შპარგალკის დამზადების ტექნოლოგია“ და მისი გამოყენებაც. თუ გამოცდა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით ტარდება, მათივე მოთხოვნის შესაბამისად, მერხზე აუცილებლად უნდა წარმოადგინო სტუდბილეთი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამ შემთხვევაში თხელი, პატარა ფურცელი, რომელზეც საკითხი ან საკვანძო სიტყვებია დატანილი, თავსდება პირადობის უსურათო მხარეს. მოგეხსენებათ, ლამინირებულ, ძველ პირადობაში, ადვილი მოსათავსებელია უბრალო თითქოსდა უწყინარი სიფრიფანა ფურცელი.

– საოცარია, ამდენ წვალებას ჯობია, იმეცადინო…

– თუ მარტივად შეგიძლია ,,გამოძვრე“, ის, რაც არ მოგწონს, რატომ უნდა იმეცადინო? გოგონებისთვის უფრო ადვილია ,,შპარგალკის“ დამზადება, გინდა გასწავლო?

– რატომაც არა?!

– უბრალო სამაჯურზე, რომელსაც ოდნავ სქელი მაჯა აქვს, მიაკარი წვრილი ასოებით ნაწერი ფურცელი, გამოცდაზე მოიხსენი და დადე მერხზე ისე, რომ ადვილად ხედავდე რა წერია სამაჯურის შიდა მხარეს. ძალიან მარტივია, მთავარია ლექტორმა არ ,,ჩაგავლოს“. მე არ მქონია შემთხვევა ლექტორს შევემჩნიე.

– მადლობ, რომ გამესაუბრე, ვინც არ იცოდა, გამოადგება შენი რჩევები.

– არაფრის, ოღონდ ამას თუ ჩემი ლექტორი წაიკითხავს, ცუდ დღეში აღმოვჩნდები.

46161_387770507979173_8888109_n-300x225

წესი ნომერი 2გამოცდის მსვლელობისას აკრძალულია მობილური ტელეფონით სარგებლობა, მისი აღმოჩენის შემთხვევაში სტუდენტს ეძლევა გაფრთხილება,ხოლო განმეორების შემთხვევაში ნაშრომი უქმდება შესაბამისი ნიშნით _0 და სტუდენტი იხსნება გამოცდიდან.

სტუდენტი N2

– ჩემი კურსელი ხარ და აღარ გკითხავ, იყენებ თუ არა ,,შპარგალკას“, რადგან ვიცი შენი ფარული შესაძლებლობები. ახლა ჩვენს მკითხველს მოუყევი ,,შპარგალკის“ დამზადების შენეული ვერსიები.

– იმედია, ჩემი სახელი ინკოგნიტოდ დარჩება და ასე სახალხოდ ლექტორებთან არ ,,ჩამიშვებ“. ყველამ იცის მობილური საუკეთესო ,,შპარგალკაა“, როგორც sms- ის, ასევე ჩანაწერის სახით. თუ ჩანაწერი გაქვთ მობილურში მაშინ გრძელ თმასაც უნდა ატარებდეთ, რათა ყურსასმენით შეძლოთ მოსმენა. ჩვენს აუდიტორიებში კი (მესამე კორპუსს ვგულისხმობ) კედლებზე ისეთი მდგომარეობაა, საკითხი კი არა წიგნის შინაარსი რომ დაწერო ვერავინ შეამჩნევს. ვაღიარებ, რომ ამაში წვლილი ბევრ ჩემნაირ სტუდენტს მიუძღვის,რადგან ხშირად მოკლე წესს ან საგამოცდო საკითხს მერხთან ახლოს,კედელზე ვწერ. ყველაზე მოსახერხებელი ადგილი კი გადასაწერად, მოგეხსენებათ, კედლის მხარეა,უფრო შეუმჩნეველი ადგილია.

წესი N3: გამოცდაზე  წერის დაწყებამდე სამუშაო მაგიდაზე რაიმე სხვა ფურცლის აღმოჩენის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს გაფრთხილებას, მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან.

ჩვენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლალი ზივზივაძეს გავესაუბრეთ. როგორც ქალბატონმა ლალიმ  გვითხრა, რამდენიმე ტიპის ,,შპარგალკა“ არსებობს: ქაღალდზე დაწერილი, ტელეფონში ჩაწერილი, სხეულზე (მუხლებზე) ან წინმჯდომი მეგობრის ზურგზე დატანილი ,,შპარგალკა“. „ასეთი შემთხვევაც იყო,  როცა გოგონას ყურსასმენი ჰქონდა მთელს სხეულზე დახვეული. ,,შპარგალკის“ აღმოჩენის შემთხვევაში თუ რა ელოდება სტუდენტს, ნათქვამია გამოცდის ზედამხედველის მიერ გამოცდის დაწყებამდე. ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების კონტროლი 2 წლის წინათ დაიწყო და მაშინ უფრო ხშირი იყო ,,შპარგალკის“ გამოყენების შემთხვევები. ახლა ეს უფრო იშვიათია, რადგან სტუდენტები მიხვდნენ, რომ მიუხედავად ჩვენი ლოიალური დამოკიდებულებისა მათდამი, ,,შპარგალკის“ აღმოჩენის შემთხვევაში ისინი იხსნებიან გამოცდიდან“- გვითხრა ლალი ზივზივაძემ.

ახალი სასწავლო წლიდან გამოცდების ჩაბარების ახალი წესი ამოქმედდა. პირველ და მეორე კურსის სტუდენტებს უცხო ენის გამოცდის ჩაბარება კომპიუტერზე მოუწიათ. სტუდენტი საგამოცდო საკითხს იქვე პასუხობს და საბოლოო ქულასაც ადგილზე ნახულობს. როგორც  ლალი ზივზივაძემ გვითხრა, ასეთ დროს „შპარგალკის“ გამოყენება  გამორიცხულია, რადგან ლექტორებმაც კი არ იციან კომპიუტერში რა ტესტებია ჩატვირთული. თუმცა, ჩვენი სტუდენტები არც ასეთ დროს დაიბნენ და გამოსავალი შემდეგი ნახეს – ჯდები კომპიუტერთან, საგამოცდო საკითხის გვერდით ხსნი „Magtifun.ge”-ს და  sms-ით შენთვის გაურკვეველ საგამოცდო საკითხს წერ მეგობარს, რომელიც დაგეხმარება  პასუხის გაცემაში. „ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ „Magtifun.ge“- დან ტექსტის  ვერ „აკოპირებ“. – გულისწყვეტით გვითხრა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

მშობლებს სჯერათ, რომ  ჩვენი კურსიდან კურსზე გადასვლა ,,თეთრად გათენებული ღამეების შედეგია“, ჩვენ კი ყოველთვის გვაქვს წითელი ჯვრის – ,,შპარგალკის“ იმედი.

წყარო: http://studpress.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები