დასაბამიდან ჩვენ ვიმყოფებით ფერებით აღსავსე გარემოში.. ეს ისეთივე ბუნებრივია, როგორც ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, ამიტომ ,,ვერ ველევით“ ფერს. საკუთარ ნახელავშიც კი, ნებისმიერი ნივთის შექმნისას გააზრებულად და ოსტატურად ვიყენებთ მას. ყოველ ფერს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებები გააჩნია და ამასთანავე თითოეული მათგანი გარკვეულ ემოციასაც იწვევს. გავიხსენოთ, თუ როგორ დადებით განწყობას გვიქმნის ცისარტყელას ფერადოვნება. მხატვრები კი ფერის ემოციურ თვისებებს აქტიურად იყენებენ გარკვეული იდეის ხაზგასასმელად და მნახველზე განწყობისა და შთაბეჭდილების შესაქმნელად.
უძველეს ხანაში, როდესაც ადამიანმა გამოქვაბულის კედლებზე მისთვის ნაცნობი ცხოველების – ბიზონების, ცხენების ხატვა დაიწყო, იმთავითვე გამოიყენა ფერი.ჯერ კიდევ, იმ დროინდელი ადამიანი აღიქვამდა სამყაროში საგნების ფერადოვნებას და ასევე, ფერადოვნად ასახავდა მათ. ამისათვის იგი იმ მასალას იყენებდა, რომელიც ხელთ ჰქონდა– ნახშირს, მინერალებს და პირდაპირ გამოქვაბულის კედლებზე ხატავდა. გავიდა ხანი და ადამიანმა ფერი საგნისაგან გამოაცალკევა ანუ დამოუკიდებელ ფენომენად – საღებავად აქცია და დაიწყო მისი გამოყენება. მას შემდეგ უამრავი სხვადასხვა სახის საღებავი შეიქმნა და სწორედ ისინი იქცა მხატვრობის ძირითად საშუალებად.
ზოგადად, საღებავი ბუნებრივი მასალისაგან (წიაღისეული, მცენარეები ) მზადდება. შუა საუკუნეების საქართველოში ფრესკების შექმნისას იყენებდნენ მიწის საღებავებს – ჟანგმიწას, მინერალურ საღებავებს, კირის თეთრას, მალაქიტს, აურიპიგმენტს, სინგურსა და რეალგარს.საღებავის მისაღებად სხვადასხვა ლითონსაც იყენებდნენ და იღებდნენ ტყვიის თეთრას (თეთრი), სპილენძის ჟანგსა (მწვანე) და სურინჯს (წითელი) . ფართოდ იხმარებოდა, ასევე, მცენარეთა ფესვებისა და მწერებისაგან დამზადებული ე.წ.ორგანული საღებავები. საქართველოში საღებავების უმეტესობა ადგილობრივი მასალით მზადდებოდა. ლაჟვარდი კი, ძალზე მდიდრული ლურჯი საღებავი, ჩვენს წინაპრებს შორეული ქვეყნიდან, ავღანეთიდან შემოჰქონდათ, ამოტომ მისი ღირებულება საკმაოდ მაღალი იყო. აღსანიშნავია, რომ ლაჟვარდი უხვად გამოიყენებოდა შუა საუკუნეების ქართულ მოხატულობაში, ამ მხრივ, აღსანიშნავია ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ფრესკები. დროთა განმავლობაში ადამიანმა ფერის მიმცემი პიგმენტები სხვადასხვა მასალას – ზეთს, ცვილს, კვერცხის გულს შეურია. ამგვარად, მან სხვადასხვა ტიპის საღებავი მიიღო (ზეთის, წყლის, ცვილისა და კვერცხის საღებავი) . მაგალითად, წილკნის ღვთისმშობლის ხატი ენკაუსტის ტექნიკითაა (ცვილნარევი საღებავი) შესრულებული.მას განსაკუთრებული ხიბლი აქვს, რადგან ამგვარი ტექნიკის გამოყენება ხატს მუდმივ სიხასხასესა და ბზინვარებას უნარჩუნებს.
სრულიად სხაგვარად გამოიყურება წყლის საღებავით – აკვარელით შესრულებული ნახატები. აკვარელით შესრულებული ნამუშევარი მსუბუქი და ჰაეროვანია, თითქოს ერთი ამოსუნთქვით,ხელის ერთი მოსმითაა დახატული. ეს შთაბეჭდილება მასალების – თავად აკვარელის საღებავისა და ქაღალდის თვისებებითაა განპირობებული. ქაღალდი წყალში გახსნილ საღებავს საშრობივით ისრუტავს, მხატვარიც იძლებულია სწრაფად იმუშაოს, მყისიერად მოახერხოს ჩანაფიქრის ხორცშესხმა.
ყველაზე ,,ახალგაზრდა“ ზეთის საღებავია. როგორც წესი, ამ საღებავით საგანგებოდ მომზადებულ – დაგრუნტულ ტილოზე ხატავენ. ამ ტექნიკის სრულყოფა ჩრდილოეთის რენესანსის ცნობილი ნიდერლანდელი ოსტატის, იან ვან ეიკის სახელს უკავშირდება. იან ვან ეიკის ,,არნოფილების ოჯახი“ სწორედ ზეთითაა შესრულებული. ზეთის საღებავი მკვრივი და მოქნილია,ფერი კი – ღრმა და მდიდრული. ის შეუცვლელი აღმოჩნდა სამყაროს რეალისტურად ასახვის გზაზე, რადგან ზეთის საღებავს დიდი შესაძლებლობები აქვს: მისგან სხვადასხვა ეფექტის შექმნა შეიძლება: ლითონის ელვარების, ბეწვის სიფაფუკის, სქელი ქსოვილის სიმძიმის, თხელი ქსოვილის სიმსუბუქის, აბრეშუმის ბზინვარების, სინათლის მოლიცლიცე ათინათისა თუ მძიმე ჩრდილის გადმოცემის.
ეს იყო ჩვენი ხანმოკლე მოგზაურობა ფერთა სამყაროში.