სოფელში

ბლოგი

როგორც იქნა უნივერსიტეტის ფინალურ გამოცდებს მოვრჩი და ჩემი არდადეგებიც დაიწყო. მაშინვე თეთრი წყაროს რაიონში-სოფელ ,,დვალთაში“- გამოვეშურე. ეს არის ადგილი, სადაც 20 წლის განმავლობაში ყოველ ზაფხულს ჩამოვდივარ და ცოტა ხნით აქ დასვენების გარეშე ზაფხულის გატარება ვერ წარმომიდგენია. აქ არ არის ტელევიზორი, ინტერნეტი, გასართობი დაწესებულებები, მაღაზიები, ხალხმრავლობა, ტრანსპორტი და რაც ყველაზე მთავარია ზაფხულში- აქ არ არის სიცხე. როცა 2008 წელს აგვისტოში ომი დაიწყო, აქ ეს ამბავიც საკმაოდ გვიან გავიგეთ. აქ ყოფნისას ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, თითქოს იზოლირებული ვარ დანარჩენი სამყაროსგან. ბევრს შეიძლება წარმოუდგენლად მოეჩვენოს ასე ყოფნა/დასვენება, მაგრამ მე სწორედ ამის გამო მიყვარს ჩემი სოფელი. აქ გასართობად წიგნები, წინასწარ ჩაწერილი ფილმები და აქაური ბავშვობის მეგობრებიც მყოფნის.

ბევრი დამსვენებლით ვერასდროს იკვეხნიდა დვალთა, მაგრამ აგვისტოს თვეში სოფელი მაინც მეტ-ნაკლებად ივსებოდა ხოლმე. წელს ისე მოხდა, რომ აგვისტოშიც კი ჩემი თანატოლებიდან მხოლოდ ორნი ვართ. საღამოობით ვსეირნობთ და დღეებს ვითვლით იქამდე, სანამ ვინმე ჩვენი ტოლი ჩამოვა. ცოტა ხნით 13-14 წლის ,,ტინეიჯერებთან’’ ვსხდებით და ამით ,,ვირთობთ“ ხოლმე თავს. ჩვენგან განსხვავებით, ისინი საკმაოდ ბევრნი არიან, თუმცა ასევე ჩვენგან განსხვავებით საერთოდ არ შეუძლიათ გართობა. სხედან ერთად ე.წ. ,,ბირჟაზე“ , უჭირავთ მობილური ტელეფონები და facebook-ს სქროლავენ, შიგადაშიგ რაღაცას გადაულაპარაკებენ ხოლმე ერთმანეთს. მხოლოდ საღამოობით კი არა, შეუძლიათ ასე ისხდნენ მთელ დღეს და თითქმის არაფერი აკეთონ, არ ილაპარაკონ. ამ დროს მე და ჩემი მეგობარი უკვე ასაკში შესული ხალხივით ვიხსენებთ ხოლმე რა კარგ დროს ვატარებდით ჩვენ მათ ასაკში: დავდიოდით მდინარეზე, ვთამაშობით სხვადასხვა თამაშებს, დავდიოდით ფიჭვებში, ვიპარავდით სიმინდებს, ვწუწაობდით, ვაბრაზებდით უფროსებს, ვჩხუბობდით კიდეც ცოტას, მაგრამ ესეც კარგად გვახსენდება. აქ შეიძლება ვიღაცამ გაიფიქროს თქვენ დროს ინტერნეტი და ფეისბუქი ასეთი პოპულარული არ იყოვო, მართალია მაშინ არ იყო, მაგრამ ახლაც კი იმაზე კარგი დროის გატარება შეგვიძლია, ვიდრე faceboook-ზე სქროლვაა, თუ იმდენნი შევგროვდებით, რამდენნიც ეს ბავშვები არიან. მაგრამ შევგროვდებით კი? ზოგი გათხოვდა, ზოგმა ცოლი მოიყვანა, ზოგი უკეთეს ადგილას ისვენებს და დვალთა აღარ მოსწონს, ზოგიც სამსახურის გამო ვერ ახერხებს ჩამოსვლას… მე და ჩემი მეგობარი კი მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და სავარაუდო ჩამომსვლელების სიას ვადგენთ, თან შევნატრით იმ დროს, როცა ჩვენც მათსავით ბევრნი ვიყავით და მოსაწყენად არავის ეცალა. ამასობაში ზაფხულიც ილევა.

მარიამ დემეტრაშვილი

თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის მიმართულება

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები