მიგელ დე უნამუნო იყო ესპანელი ესეისტი, ნოველისტი, პოეტი, დრამატურგი და ფილოსოფოსიდონ მიგელმა უდიდესი წვლილი შეიტანა იმდროინდელი აზროვნების ჩამოყალიბებასა და საზოგადოების სულიერ ზრდაში: “უნამუნოთი დაიწყო ჩვენი შეგნებული ფიქრი და ზრუნვა ფილოსოფიაზე…” – წერდა ხიმენესი.
უნამუნოს მიერ წამოჭრილი პრობლემები დღემდე ისევ სიმწვავით დგას ისტორიის, რელიგიის, განათლების სფეროში. მისი საზოგადოებრივი თუ ინტელექტუალური სფეროების განსაზღვრისთვის საკმარისი იქნება დავასახელოთ მისი ტრაქტატები, ნარკვევები, ესეები და რომანები: “ოდინდელობისთვის”, “ადამიანის ღირსებისთვის”. “პატრიოტიზმის კრიზისი”, “ცივილიზაცია და კულტურა”, “ხელოვნება და კოსმოპოლიტიზმი”, “ესპანური თეატრის აღორძინება”, “ხელოვნება და კულტურა” და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ დონ მიგელ დე უნამუნოს რომანები “ქრისტიანობის აგონია” და “ცხოვრების ტრაგიკული გრძნობის შესახებ ადამიანებსა და ხალხებში” დღემდე აკრძალულ წიგნთა შორის იკავებს საპატიო ადგილს. გამოცემისთანავე რომის პაპმა აკრძალულ სიაში ჩაამატა.
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ უნამუნომ დაასწრო ეგზისტენციალურ კონცეფციებს, ბევრ მხატვრულ ფორმასა და ექსპერიმენტსაც, რაც მოგვიანებით მიგნებულ იქნა ევროპის სხვა ქვეყნებში. ეგზისტენციალისტები თავიანთ წინამორბედებად თვლიან პასკალს, კირკეგორს, უნამუნოს, დოსტოევსკის და ზეკაც ნიცშეს თავისი დიადი აზრებით!
უნამუნოს პირველი რომანი იყო “მშვიდობა ომის დროს”, რომლის მთავარი პერსონაჟი თავად ხალხია.
მეორე რომანი “სიყვარული და პედაგოგიკა” (1902) სადაც გამოავლინა თავისი მსოფლმხედველობა, ეგზისტენციალიზმის პირველი ნიშნები.
მესამე რომანი “ბურუსი” (1914) თამამად გამიჯნა კლასიკური, ტრადიციული რომანებისგან, როგორც ფორმით ასევე შინაარსით; ეს იყო სიახლე, ექსპერიმენტი, რომელსაც უწოდა “რიმანი” და არა, – “რომანი”.
მეოთხე რომანია “აბელ სანჩესი: ერთი ვნების ამბავი” (1917) – ფსიქოლოგიური რომანის აღიარებული შედევრი.
მეხუთე, ტრაგიკული რომანი “წმინდა მანუელ სათნო წამებული” (1930) წარმოადგენდა უნამუნოს აღსარებას, რწმენა-ურწმუნეობის ზღვარზე მდგარი ეჭვით აღსავსე და გამწარებული მწერლის განცდად, სადაც საკუთარი თავი დაგვიხატა დაეჭვებული მღვდლის სახით.
და ბოლოს, “დეიდა ტულა” რომელსაც მწერალმა ისევ “რიმანი” უწოდა, სადაც შეეცადა და შესძლო ადამიანის სულში ჩაწვდომას.
უნამუნო საკუთარი ნაწარმოებების საკმაოდ რთულ სამყაროს ასე განმარტავდა “მე მინდა ვწერო ფილოსოფიაზე იმ ენით, როგორც სთხოვენ ხოლმე მეგობარს ერთი ფინჯანი შოკოლადი დამალევინეო, ანდა მოსავალზე ან სხვა ოჯახურ საქმეებზე საუბრობენ.”
არსებობს უამრავი ციტატა დონ მიგელის შემოქმედებაში რომელიც საზოგადოებაში ტრიალებს, უამრავი ადამიანი ყოველდღიურად იყენებს , მაგრამ შეიძლება ავტორის ვინაობაც კი არ იციან . ვეცადე თავი მომეყარა მისი “ფრთიანი” გამონათქვამებისთვის :
- წმინდა ფილოსოფიური თვალსაზრისით, ნამდვილად წინდაუხედაობა იქნებოდა რამის ხელაღებით მტკიცება, მით უმეტეს, რომ საკითხის დასმა უკვე შემდგომი ნაბიჯის პირობაა.
- როცა ანგარიში აგვერევა, წავშლით და მერე ისევ თავიდან ვიწყებთ, ეს მაინცდამაინც საქმის დიდი დაწინაურება არ არის, მაგრამ თუ სახლი დანგრევის პირზეა მისული, ანუ საცხოვრებლად უვარგისია, ჯობია დავანგრიოთ, ვიდრე შევაკეთოთ და გავამაგროთ
- არ არსებობს აზრი, არსებობენ მოაზროვნენი.
- რაც გინდა იყოს, კაცი მაინც ჯიუტია და რამდენიც გინდა უჩიჩინო, მაინც თავისას იზამს.
- ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, არის და იქნება ის, რომ ჩემი მკითხველი თვითონვე მიხვდეს და შეიგნოს, მე მას არასოდეს შევთავაზებ მზამზარეულ აზრებს.
- თუ კაცს არასოდეს უარუყვია თავისი ნათქვამი, ესე იგი საერთოდ არასოდეს უთქვამს რაიმე.
- “სისულელეებს პირდაპირ აფრქვევენ ახალგაზრდებიცა და მოხუცებიც, სულელებიცა და ჭკვიანებიც. იმ ხალხზე მოგახსენებ, ვისაც ჭკვიანად მოაქვს თავი – აკი სწორედ ისინი ამბობენ და სჩადიან კიდეც სისულელეებს… სულელთა შორის ყველაზე სულელი ისაა, ვისაც თავის სიცოცხლეში სისულელე არც უთქვამს და არც ჩაუდენია.”
- ცოლის შერთვა სულ არ არის ძნელი, ძნელი ცოლიანობაა.
- ნუ გამოივსებთ თავს იმით, რაც ჯიბეშიც კარგად თავსდება! – ნუ გამოივსებთ ჯიბეებს იმით, რაც თავშიც კარგად თავსდება.
- არ არის აუცილებელი, ვინმემ რამე დაგიშავოს და ამიტომ შეიძულო. საკმარისია წარმოიდგინო, რა შეეძლო დაეშავებინა და მაშინვე შეგძულდება.
- უნდა იცხოვრო, რათა გიყვარდეს. დიახ, უნდა გიყვარდეს, რომ იცხოვრო.
- ჩვენ ხომ მარტო იმას ვიქმთ, რომ ჩვენ – ჩვენს როლს ვთამაშობთ. ყველანი პერსონაჟები ვართ, ნიღბები, კომიკოსები! არც ერთი ისე არ იტანჯება ან უხარია, როგორც ამბობს და გამოხატავს!
- არსებობენ „თანამშრომელი“ ადამიანები, ვისაც წიგნის წაკითხვის შემდგომ იტყვიან, ამას მეც ხომ ვფიქრობდი, რომ დამეწერაო…
- ისინი განსხვავდებიან იმ უბირთაგან, რომლებიც თავს იმტვრევენ ე.წ. სიმართლეს მიმსგავსებულ ამბების ძებნით, ანდა იმათგან, რომლებთაც ჰგონიათ, ცხადად ვცხოვრობო, და არ იცის, რომ ცხადად ის ცხოვრობს, ვინც გააცნობიერებს ვოცნებობო, ჭკუათმყოფელიც ის არის, ვინც საბოლოოდ შეიგნებს თავის სიგიჟეს!
- იცხოვრეთ ისე, რომ სიკვდილი თქვენთვის უმაღლესი უსამართლობა იყოს
- განა დიდი სიკეთე და მადლი არ არის, რომ მთვლემარე გამოაფხიზლო, მცონარი შეანჯღრიო, ანდა უდიდესი რელიგიური სათნოება არ არის, რომ მიწყივ ეძიო ჭეშმარიტება და სადაც მოგხვდება, ყველგან და ყოველჟამს ამხილო სიცრუე, სიბრიყვე და უზნეობა!
იხილეთ ასევე: “გარდიანის” რეიტინგი: 10 წიგნი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
თეკლა გავაშელაშვილი