გზაჯვარედინზე ფეხით გათელილი, გაკვალული გზა აირჩია, ნაკლებად გაუვალი და თითქოს მიზნიანი. ცდილობდა, წვრილი ბილიკისთვის არ გადაეხვია, ისე შეუდგა აღმართს, თითქოს ახალი კვალის დატოვებას მოერიდა. გზა დაგეგმილზე გრძელი და მარტივი ეჩვენა, თუმცა არაფერი დაუგეგმავს. უწყინარი მაღლობის მოლოდინით ქოხების სიმრავლე აფიქრებდა. შიშსა და დაძაბულობას მაინც ვერ გრძნობდა, თითქოს უნდოდა ჩაფიქრებულიყო, გამოეცნო, რისთვის იყო ეს ნახევრად დანგრეული, დანესტილი ფიცრებით ნაგები ქოხები. ყინვისგან დასაცავად ცელოფანაფარებული ფანჯრებიდან მკრთალი შუქი ბჟუტავდა. მიტოვებულის იერს აქრობდა, უფრო სწორად უნდა გაექრო, მაგრამ მკრთალ შუქს იქით არაფერი მოძრაობდა, მხოლოდ მბჟუტავი ალი თუ შეკრთებოდა პატარა ნიავზე მინის ცელოფნის აფრიალებისას.
ქოხების სიმრავლის მიუხედავად, მარტივად აირჩია ერთი, სხვანაირად თბილი და სხვანაირად თავისი. ყველაზე მეტად იქ ქროდა ნიავი და ცელოფნის მინა მეტად ირხეოდა. მბჟუტავი ალი კი ხან ქალი იყო, ხან კაცი, ხან ბავშვი, ბაბუაწვერას ფიფქებს დადევნებული. ყველაზე მეტად აქ იგრძობოდა მბჟუტავი სიცოცხლე.
გაახსენდა, როგორ დასდევდა მთელი დღე ბაბუაწვერების ფიფქებს, ვერ აგროვებდა და სხვას უშვებდა ჰაერში, ასე უფრო ბევრნი იყვნენ. კიდევ და კიდევ… ასე გრძელდებოდა დაღლამდე, თან მდელოზე იმდენი იყო… ქანცგაწყვეტილი წვებოდა ტახტზე, მიეჩვია გაუხეშებულ გადასაფარებელზე კომფორტულად წოლას, იცოდა, სად უფრო მეტად თხელი და დაწინწკლული იყო და იქ წვებოდა. პატარა ბუდეებიდან უკეთ ხედავდა, როგორ აზომებდა მბჟუტავ ალზე, დაბრეცილი ჩხირებითა და დაბურული სათვალით ნაქსოვ წინდებს. პატარა იყო, ყველაზე მეტად სწყინდა დაწითლებული თითებით თვლების მოკლებას რომ იწყებდა, უნდოდა, მადლობის ნიშნად ფეხი უცებ გაზრდოდა და დახმარებოდა.
ახლა ელისს ყველა წინდა პატარაა აქვს, ვერ დაარღვევს და ისეთივეს ვერ მოქსოვს, მას რომ შეეძლო… როგორ უნდა, ისევ პატარა ფეხი ჰქონდეს… ყველას ერთად ჩაიცვამდა.
სოფიკო კვირიაშვილი