რეფორმამ სულზე მომისწრო…

– ვაპროტესტებ!
ამ სიტყვის მასშტაბი და მნიშვნელობა ასაკთან ერთად გვეცვლება და მოვლენებსაც შესაბამისი სიმძაფრით აღვიქვამთ. ბავშვური სიჯიუტით იწყება, ჯერ კიდევ დედას რომ ვუპროტესტებთ საჭმლის რაციონსა და ჩაცმის სტილს და შეძლებისდაგვარად ვიბრძვით; ბოლომდე თუ არ გვიშვებენ, კონსესუსს მაინც ვაღწევთ. ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ, დროსთან ერთად, ოპონენტთა რაოდენობა იზრდება. სადავო საკითხი კი ბევრად ღირებული ხდება.
ზედმეტად დიდხანს მჯეროდა კანონის უზენაესობა და მწამდა, არავინ არღვევდა. იმასაც ვფიქრობდი, საერთოდ რად უნდოდათ კონსტიტუცია, ისედაც ყველა თავისთვისაა-მეთქი. ალბათ, ამიტომაც ვოცნებობდი იურისტობაზე. მინდოდა, მცოდნოდა რას და რატომ კრძალავდნენ “თეორიულად”, რადგან პრაქტიკულად “არაფერი” მეკრძალებოდა, ვითომ. როგორც იტყვიან, განათლების რეფორმამ სულზე მომისწრო. მეთორმეტე კლასის ბოლო სემესტრში გვითხრეს, რომ წლის ბოლოს საატესტატო გამოცდებს ვაბარებდით. რეფორმის დამტკიცებამ მეთორმეტე კლასელების მწვავე რეაქცია და საკუთარი აზრის დაფიქსირების სურვილი გამოიწვია. გაიმართა აქცია, რომელიც დღის ბოლოს ე.წ “ოროსნების აქციად” მოინათლა. ვაპროტესტებდით, ერთი სემესტრის განმავლობაში “ნასწავლი” საგნების გამოცდას და არა სხვა დანარჩენის. ვიცოდი, ინერვიულებდნენ და მხოლოდ აქციაზე მისვლის შემდეგ გავაგებინე ჩემებს, რომ იქ ვიყავი, უფრო სწორად, დედამ ივარაუდა და მე დავუდასტურე. ერთადერთი ფრაზა მითხრა: “ დედა, მოსწავლეები ხართ, მაგრამ დაზღვეულები არ ხართ, მაშინაც სტუდენტები იყვნენ”. გულუბრყვილოდ ვამშვიდებდი, ჩვენ ხომ მხოლოდ მათ მოსმენას ვითხოვთ-მეთქი, ორი წუთის შემდეგ აღვიქვი, რომ ჩემი მეგობარი, რომელიც წინ მედგა და მეგონა, მე მისმენდა, ვეღარ მამჩნევდა და ჩემ უკან იხედებოდა, თვალებს რომ არ ახამხამებდა, მივხვდი, უნდა მივტრიალებულიყავი. ვერ აღგიწერთ, რამხელა შვება ვიგრძენი, ბრონის ჟილეტებითა და ე.წ “დუბინკებით” ხელში მყოფი სპეცრაზმი რომ დავინახე. მინდოდა, მეყურებინა მათთვის და მეცინა, თუმცა მათზე არა, საკუთარ თავზე. შედეგად “ოროსნის” სტატუსი და მეორე დღეს ჩაფიქრებული სახით მოსიარულე დირექტორი მივიღე. პირველივე გაკვეთილზე მისი განსაკუთრებული ყურადღება ჩვენმა კლასმა დაიმსახურა (იცოდა, პარალელიდან არავინ წავიდოდა, მოჭიკჭიკე ჩიტი ჰყავდა). ორმოცდახუთი წუთი ვისმენდით, როგორ უნდა დავხმარებოდით ადამიანები ერთმანეთს გაჭირვების დროს… რესტავრირებული სვეტიცხოვლის ნახვა შემოგვთავაზა და ექსკურსიაზე “დაგვპატიჟა”, უარის შემთხვევაში კი დაგვპირდა, რომ ხუთ საათამდე სკოლაში ვიქნებოდით. (იმ დღესაც აქცია იგეგმებოდა). ეს უკვე მეტისმეტი იყო, ყოყმანის შემდეგ წავიდნენ “ექსკურსიაზე”. უმრავლესობის პასუხი : ”ჩვენი რა მიდის?”. (ზოგს შეეცოდა). ორი ბავშვი დავრჩით სახლში. კატეგორიული მოთხოვნით, პირველად მაშინ ვთქვი ფრაზა: “თქვენ არ გაქვთ უფლება, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში ყოფნა მაიძულოთ”. (მიზეზების მოფიქრებაც დამჭირდა) არ ვკიცხავ არცერთ კლასელს, ეს მათი არჩევანი იყო და პატივს ვცემ, თუმცა, ბევრი მათგანი ვერ მიხვდა, მხოლოდ ორს რატომ არ გვინდოდა რესტავრირებული მცხეთისა და სვეტიცხოვლის ნახვა. ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა , რომ ამ ყველაფერში ეკლესია გამოიყენეს… რამდენიმე ხნის წინ კი სიამაყით გვაზეპირებინებდნენ ამონარიდებს “შუშანიკის წამებიდან “.
იმ წუთას მძულდა კაცობრიობა, უფრო მეტად კი საკუთარი თავი. არ მივიჩნევ თავს “ოროსნად”. დადებითი მხარეც აქვს ამ ამბავს, კანონის არსებობის აუცილებლობა ვიწამე, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის არა, ადამიანობის.

სოფიკო კვირიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები